რუსეთი

პუტინი: აშშ ამბობს, რომ ახალი იარაღის განვითარებას აპირებს, ჩვენც ასე მოვიქცევით

ALEXEY NIKOLSKY / KREMLIN

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ 1987 წლის შუალედური დამიზნების ბირთვული ძალების შეთანხმების დატოვების შემდეგ რუსეთი ახალი საშუალო მოქმედების რაკეტების შექმნაზე დაიწყებს მუშაობას.

"ამერიკელმა პარტნიორებმა გამოაცხადეს, რომ შეთანხმებას შეაჩერებენ. ჩვენც შევაჩერებთ. მათ გამოაცხადეს, რომ კვლევას და განვითარებას აპირებენ. ჩვენც შესაბამისად მოვიქცევით." თქვა მან.

პუტინმა რუსეთის სამხედრო ძალებს ახალი რაკეტების შექმნაზე მუშაობის ბრძანება უკვე მისცა. მან თავდაცვის და საგარეო საქმეთა მინისტრებს მითითება მისცა ოფიციალურ ვაშინგტონთან განიარაღებაზე მოლაპარაკებები არ წამოიწყონ.

შეგახსენებთ, რომ 1 თებერვალს აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ აშშ 1987 წლის შუალედური დამიზნების ბირთვული ძალების შეთანხმების დატოვებას 2 თებერვლიდან დაიწყებს და 6 თვეში სრულად დატოვებს მას. 

ამის შესახებ გადაწყვეტილება ამერიკულმა მხარემ რუსეთის დელეგაციასთან ჟენევაში შეხვედრის შემდეგ მიიღო. მათი თქმით შეხვედრა უშედეგო გამოდგა. აშშ-მა უარი თქვა ოფიციალური მოსკოვის შეთავაზებაზე, ინსპექტირება ჩაეტარებინა რუსული რაკეტებისთვის, რომლებიც აშშ-ის თქმით შეთანხმების პირობებს არღვევს.

გუშინ შეთანხმება შეაჩერა რუსეთმაც. ამის შესახებ პუტინმა სერგეი ლავროვთან და სერგეი შოიგუსთან შეხვედრაზე თქვა.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ს მიაჩნია, რომ რუსეთი ცივი ომის დოინდელ, 1987 წლის შეთანხმებას არღვევს და აკრძალული სარაკეტო სისტემის შექმნაზე მუშაობს, რომელიც ევროპაზე ბირთვულ თავდასხმას შესაძლებელს მცირე დროში გახდის. ოფიციალური მოსკოვი ბრალდებას უარყოფს.

დონალ ტრამპის ადმინისტრაციამ ოქტომბერში განაცხადა, რომ 1987 წლის შუალედური დამიზნების ბირთვული ძალების ხელშეკრულების შეთანხმებას დატოვებს, თუმცა გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანა გადადო, რათა მოლაპარაკებები გამართულიყო.

გასულ დეკემბერს ნატოს მინისტერიალზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ რუსეთს 60 დღე მისცა იმისათვის, რომ ხელშეკრულების პირობების შესრულება დაეწყო.

ამის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი დაიმუქრა, რომ თუ აშშ 1987 წლის შუალედური დამიზნების ბირთვული ძალების შეთანხმებას დატოვებს და ახალი რაკეტების შექმნას დაიწყებს, რუსეთიც იმავეს გააკეთებს.

კომენტარები