უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია

მიტროპოლიტი ეპიფანე უკრაინის ეკლესიის საჭეთმპყრობლის ტახტზე აღსაყდრდა

0 კომენტარი
მიტროპოლიტი ეპიფანე

მიტროპოლიტი ეპიფანე კიევისა და სრულიად უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საჭეთმპყრობლის ტახტზე აღსაყდრდა.

კიევის სოფიის ტაძარში საზეიმო ლიტურგია ჯერაც მიმდინარეობს, თუმცა, ინტრონიზაციის ცენტრალური ნაწილი დასრულდა - 40 წლის მიტროპოლიტი ეპიფანე ამჯერად უკვე ოფიციალურად მართავს სამართლმადიდებლოს ახალ ავტოკეფალურ ეკლესიას.

ტაძარში გამოფენილია ავტოკეფალიის ტომოსი.

მიტროპოლიტ ეპიფანეს ტახტზე დაბრძანების ცერემონიაში მსოფლიო საპატრიარქოს გალიის მიტროპოლიტი, ემანუელიც მონაწილეობდა, რომელიც რამდენიმე დღის წინ საქართველოს საპატრიარქოს ეწვია. 

საქართველოს ხელისუფლებას უკრაინელი ხალხისთვის ავტოკეფალიის მიღება ჯერაც არ მიულოცავს.

საზეიმო ლიტურგიასა და წირვის შემდეგ გამართულ მიღებას ესწრებოდა საქართველოს ელჩი უკრაინაში. წირვას ასევე ესწრება "ევროპული საქართველოს" გენერალური მდივანი, გიგი უგულავა.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის 15 დეკემბერს კიევში, წმიდა სოფიის ტაძარში შეკრებილმა უკრაინელმა მღვდელმთავრებმა, ეკლესიათა გაერთიანება გამოაცხადეს და ერთიანი, ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის ახალ მწყემსთავრად, პერიასლოვისა და ბილოცერკოვის მიტროპოლიტი ეპიფანე აირჩიეს, რომელიც იქამდე კიევის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი იყო და ამავე ეკლესიის პატრიარქის, ფილარეტის მხარდაჭერით სარგებლობდა.

მართვა-გამგეობის ახალი დებულებით გაერთიანებული ეკლესიის საჭეთმპყრობელი კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტის ტიტულს ატარებს.

კონსტანტინოპოლმა უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას ტომოსი 2019 წლის 6 იანვარს გადასცა.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ტექნიკის მაღაზიიდან მობილურების და ფულის მოპარვისთვის თბილისში ერთი პირი დააკავეს (VIDEO)

კომენტარები