ატესტატი

როგორ მიიღებენ მოსწავლეები ატესტატს - სამინისტროს განმარტება

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, იმისთვის, რომ მოსწავლემ აიღოს ატესტატი, უნდა ჰქონდეს ყველა საგანში დადებითი შეფასება, 5 ან მეტი ქულა.

მათივე ინფორმაციით, მოსწავლეები, რომლებიც ე. წ. CAT-ის გამოცდებზე ჩაიჭრნენ ან არ/ვერ გავიდნენ, ატესტატის აღებას შეძლებენ, თუკი ყველა საგანში დადებითი შეფასება, 5 ან მეტი ქულა აქვთ.

ასევე, კლასის დაძლევის ან გაცდენების ექსტერნის გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, მოსწავლეები ატესტატის აღებას შეძლებენ, თუკი ყველა საგანში დადებითი შეფასება, 5 ან მეტი ქულა აქვთ.

სამინისტროს ინფორმაციით, ატესტატს გასცემს სერვისების განვითარების სააგენტო კანონში შესაბამისი ცვლილების ამოქმედების შემდეგ. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია მოგვიანებით გამოქვეყნდება.

სკოლადამთავრებულებს, რომლებიც მოიპოვებენ ატესტატს, უფლება ექნებათ გაიარონ რეგისტრაცია პროფესიული ან უმაღლესი განათლების მიღების მიზნით როგორც 2019 წელს, ასევე შემდგომ წლებშიც. ეროვნულ დონეზე საგამოცდო რეგისტრაციის ვადები გამოცხადდება დადგენილი წესით.

შეგახსენებთ, რომ 28 იანვარს გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფო გორგოძემ თქვა, რომ წელს მე-11 კლასელები საატესტატო გამოცდებს არ ჩააბარებდნენ. თუმცა, აღნიშნა რომ დარჩენილ გამოსაშვებ გამოცდებს მე-12 კლასელები წელს მაინც ჩააბარებდნენ.

რამდენიმე დღეში მე-12 კლასელებმა საპროტესტო აქციები გამართეს და გამოცდების მათთვისაც გაუქმება მოითხოვეს.

1 თებერვალს პრემიერმინისტრმა​ მამუკა ბახტაძემ, მთავრობის სხდომამდე გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ  წელს საატესტატო გამოცდებს არც მე-12 კლასელები ჩააბარებენ. 

მისივე თქმით, წელს აბიტურიენტები უმაღლეს სასწავლებლებში ისევ ჩააბარებენ ეროვნულ გამოცდებს და სისტემის ცვლილების ეს ნაწილი ამოქმედდება 2020 წლიდან. 

კომენტარები