უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია

უგულავა: ვულოცავ უკრაინის სახელმწიფოს და ხალხს ბევრი თაობის ოცნების ასრულებას

გიგი უგულავა
საპარლამენტო უმცირესობა

პარტია "ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგი უგულავა კიევში უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიისადმი მიძღვნილ საზეიმო წირვას და მიტროპოლიტი ეპიფანე კიევისა და სრულიად უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საჭეთმპყრობლის ტახტზე აღსაყდრებას დაესწრო. მან უკრაინელ ხალხს ავტოკეფალიის მიღება მიულოცა. მისი თქმით სამწუხაროა, რომ წირვას საქართველოს ოფიციალური წარმომადგენლები არ ესწრებოდნენ:

"პირველ რიგში მინდა მივულოცო უკრაინის სახელმწიფოს და უკრაინელ ხალხს, ვინაიდან ძალიან ბევრი თაობის ოცნება ასრულდა დღეს, როდესაც ვზეიმობთ უკრაინის ავტოკეფალური ეკლესიის დაარსებას და მისი საჭეთმყობრლის ინტრონიზაციას. ძალიან სამწუხაროა, რომ აქ საქართველოს ოფიციალური წარმომადგენლები არ იმყოფებიან. არ იმყოფება საქართველოს ელჩი, ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ჩვენს მთავრობას კარგად არ აქვს გაცნობიერებული ამ ფაქტის ისტორიული მნიშვნელობა. ძალიან დიდი დღე არის დღეს მართლმადიდებლურ სამყაროში, პრაქტიკულად ახალი ეკლესია
დაიბადა რომელიც უმნიშვნელოვანეს ფუნქციას შეასრულებს მართლმადიდებლური ქვეყნების ცხოვრებაში. ევროპული საქართველოს დელეგაციას გვაქვს პატივი დღეს ვიყოთ აქ და მივულოცოთ უკრაინელ ერს და უკრაინის სახელმწიფოს ეს
უმნიშვნელოვანესი ისტორიული ფაქტი" თქვა მან.

მიტროპოლიტ ეპიფანეს ტახტზე დაბრძანების ცერემონიაში მსოფლიო საპატრიარქოს გალიის მიტროპოლიტი, ემანუელიც მონაწილეობდა, რომელიც რამდენიმე დღის წინ საქართველოს საპატრიარქოს ეწვია. 

საქართველოს ხელისუფლებას უკრაინელი ხალხისთვის ავტოკეფალიის მიღება ჯერაც არ მიულოცავს.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის 15 დეკემბერს კიევში, წმიდა სოფიის ტაძარში შეკრებილმა უკრაინელმა მღვდელმთავრებმა, ეკლესიათა გაერთიანება გამოაცხადეს და ერთიანი, ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის ახალ მწყემსთავრად, პერიასლოვისა და ბილოცერკოვის მიტროპოლიტი ეპიფანე აირჩიეს, რომელიც იქამდე კიევის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი იყო და ამავე ეკლესიის პატრიარქის, ფილარეტის მხარდაჭერით სარგებლობდა.

მართვა-გამგეობის ახალი დებულებით გაერთიანებული ეკლესიის საჭეთმპყრობელი კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტის ტიტულს ატარებს.

კონსტანტინოპოლმა უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას ტომოსი 2019 წლის 6 იანვარს გადასცა.

კომენტარები