ავტოინდუსტრია

ბრექსიტმა ბრიტანეთის ავტოწარმოება დააზარალა

იაპონურმა ავტომწარმოებელმა, ნისანმა დაადასტურა, რომ აღარ გეგმავს ახალი მოდელის ბრიტანეთში წარმოებას და ამის მიზეზად ბრექსიტთან დაკავშირებულ გაურკვევლობას ასახელებს, კომპანიის თქმით, მათ ბრიტანეთის ევროკავშირიდან შეთანხმების გარეშე გასვლის ეშინიათ. 

კომპანიამ 2016 წელს, ბრიტანეთის მთავრობის მხრიდან გარანტიების მიღების შემდეგ განაცხადა, რომ ახალ მოდელს ინგლისში, სანდერლენდის ქარხანაში ააწყობდა, ახლა მან შეცვალა თავისი გეგმები და X-Trail-ის აწყობას იაპონიაში გეგმავს. ნისანის სანდერლენდის ქარხანა დიდი ბრიტანეთის ყველაზე დიდი მანქანების მწარმოებელი ქარხანაა, რომელშიც 7000-მდე ადამიანია დასაქმებული და წელიწადში 470 00 ავტომობილს აწარმოებს. 

მანქანების მწარმოებლები ფიქრობენ, რომ ბრექსიტი მათ ახალ სავაჭრო ბარიერებს შეუქმნის და დააყოვნებს მათ პროდუქტს საზღვარზე. ბრიტანეთში წარმოებული მანქანების 45 % ევროკავშირში გადის. 

დიდი ბრიტანეთის ავტომობილების სექტორში ინვესტიციაბი გასული წლის განმავლობაში განახევრდა. წლის დასაწყისში ინვესტიციები ახალ მოდელებში, აღჭურვილობაში და ქარხნებში $460 მილიონი იყო, 2017 წელს კი $860 მილიონი. 

რამდენიმე კვირის წინ ბრიტანეთის ყველაზე დიდმა ავტომწარმოებელმა, Jaguar Land Rover-მა სამუშაო ძალა 4500 ადამიანით შეამცირა. კომპანიის თქმით ბრიტანეთის ევროკავშირიდან შეთანხმების გარეშე გასვლა მას $1.5 მილიარდით დააზარალებს და საფრთხის ქვეშ აყენებს კომპანიის გეგმას დახარჯოს $102 მილიონი გაერთიანებულ სამეფოში შემდეგი ხუთი წლის განმავლობაში. 

BMW, რომელიც ფლობს ქარხანას ოქსფორდში, რომელიც მინი კუპერებს აწარმოებს, აცხადებს, რომ თუ საზღვარზე ავტომობილების გასატანად შეყოვნება მოუწევთ, ის ვეღარ აწარმოებს პროდუქტს დიდ ბრიტანეთში.

"არის რისკი, რომ გაერთიანებულ სამეფოში ავტოინდუსტრია გადაშენდეს, თუ ბრექსიტის შემდეგ საბაჟო კავშირი არ იარსებებს." - ამბობს პოლ დრეჩსლერი, ბრიტანული ინდუსტრიის კონფედერაციის პრეზიდენტი.

კომენტარები