ანრი ოხანაშვილი

ოხანაშვილი: კომიტეტის თავმჯდომარედ ჩემს წარდგენას საფუძვლად ოცნების ღირებულებები დაედო

ანრი ოხანაშვილის თქმით, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე მისი კანდიდატურის წარდგენას ის ღირებულებები დაედო საფუძვლად, რაც ქართულ ოცნებას აქვს. 

"ძალიან დიდი მადლობა გუნდს ასეთი დიდი მხარდაჭერისთვის, ვინაიდან გადაწყვეტილება უმრავლესობამ მიიღო. ამას ბევრ სხვა საკითხთან ერთად საფუძვლად დაედო სწორედ ის ღირებულებები, რომელიც „ქართულ ოცნებას“ გააჩნია. შესაბამისად, ნებისმიერი სხვა ჩემი კოლეგის დამოკიდებულება ამ საკითხისადმი არის მისი პირადი პოზიცია და არჩევანი. სხვა დამატებითი კომენტარი გუნდის წევრების შესახებ არ მიმაჩნია სწორად," - ამბობს ოხანაშვლი.

ქართული ოცნება პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე ანრი ოხანაშვილის კანდიდატურას წარადგენს. ამის შესახებ გადაწყვეტილება უმრავლესობის სხდომაზე მიიღეს. 

ოხანაშვილის კანდიდატურას მხარი ეკა ბესელიამ, გედევან ფოფხაძემ და ლევან გოგიჩაიშვილმა არ დაუჭირეს.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი უკვე თვეზე მეტია, ვაკანტურია. მას ქართული ოცნების დეპუტატი ეკა ბესელია იკავებდა, თუმცა 27 დეკემბერს მან პოსტი დატოვა და გადაწყვეტილება ქართული ოცნების გუნდში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებული დაპირისპირებით ახსნა.

კომენტარები