გეოლოგია

შევიდა თუ არა დედამიწა ახალ გეოლოგიურ ხანაში?

დევიდ ეტენბორო დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე

2000 წელს გამოჩენილმა ატმოსფერულმა ქიმიკოსმა პოლ კრაცენმა და ბიოლოგმა ეუგენ სტორმერმა შემოიტანეს ცნება ანთროპოცენი. კონცეფცია აღნიშნავს დედამიწაზე ადამიანების აქტივობით გამოწვეულ მასშტაბურ ქიმიურ, ფიზიკურ და ბიოლოგიურ ცვლილებებს, რამაც გარდაქმნა პლანეტა და მსოფლიო ახალ გეოლოგიურ ხანაში შეიყვანა.

2016 წელს გეოლოგიურ მეცნიერებათა საერთაშორისო ფედერაციამ, 35-ე საერთაშორისო გეოლოგიურ კონგრესზე განაცხადა, რომ ანთროპოცენი ოფიციალურ გეოლოგიურ ხანად უნდა ჩაითვალოს.  

დღეს ანთროპოცენის იდეა პოპულარულია გეომეცნიერებში, ბიოლოგებში და კლიმატის მკვლევრებში - მრავალი მათგანი მიიჩნევს, რომ ამჟამინდელი ოფიციალური გეოლოგიური ეპოქა, ჰოლოცენი, რომელიც 117000 წლის დაიწყო უკვე დასრულდა და 1950 წლიდან მსოფლიოში ანთროპოცენის დაიწყო.

დედამიწა დიდი სტრუქტურაა. ის აზრი, რომ პლანეტა შეიძლება გარდაქმნას სახეობამ, რომელსაც მისი ისტორიის უკიდურესად მცირე მონაკვეთში უცხოვრია ერთი შეხედვით აბსურდულად ჟღერს, თუმცა, არის მტკიცებულებები და მონაცემები, რომლებიც აჩვენებს, რომ კაცობრიობა გახდა ძალა, რომელმაც პლანეტა გეოლოგიურ მასშტაბზე შეცვალა. Homo Sapiens-ის კოლექტიურმა ქმედებებმა შეცვალა დედამიწის ზედაპირი, ატმოსფერო, ოკეანეები და ეკოლოგიური ციკლები.

British Geological Survey-ს თანახმად ადამიანები ყოველწლიურად 57 მილიარდ ტონა მიწას და ქვას გადაზიდავენ მაშინ, როცა მდინარეებით და ოკეანეებით ყოველწლიურად მხოლოდ 22 მილიარდ ტონა ნალექი გადაადგილდება. 

მხოლოდ ერთი ინჟინერული პროექტი, სინკრუდის მაღარო წელიწადში საშუალოდ 30 მილიარდ ტონა მიწას გადაზიდავს, რაც ორჯერ მეტია ვიდრე გეოლოგიური ნალექი, რომელიც მსოფლიოს ყველა მდინარეში ყოველწლიურად მიედინება. იკლებს მდინარეების მიერ გადაადგილებული ნალექის რაოდენობა - მსოფლიოს 50 000-მდე მსხვილმა კაშხალმა გასულ წლებში მდინარეებში ნალექის მოძრაობა მეხუთედით შეამცირა.

ფართოდ გავრცელებულმა ინდუსტრიულმა აქტივობამ და ურბანიზაციამ, რომელიც ინდუსტრიული რევოლუციის შემდეგ მკვეთრად აჩქარდა, გამოიწვია ატმოსფეროში ნახშირორჟანგის (CO2)-ს და მეთანის (CH4)-ს გამოტყორცნა.

პლანეტის საშუალო ტემპერატურა 19-ე საუკუნის შემდეგ 0.9 გრადუსი ცელსიუსით გაიზარდა. კლიმატის მეცნიერების 97% და 18 სამეცნიერო ასოციაცია თანხმდება, რომ ეს ადამიანის მიერ ატმოსფეროში გამოტყორცნილი ნახშირორჟანგის შედეგია. დათბობის დიდი ნაწილი ბოლო 35 წლის განმავლობაში მოხდა, 2010 წლის შემდეგ იყო ხუთი ყველაზე თბილი წელი, რომელიც ოფიციალურად აღწერილა. 

1993-2016 წლებში გრენლანდია ყოველ წელს 281 მილიარდი ტონა ყინულს კარგავდა, ხოლო ანტარქტიკის ყინულის კარგვის სიხშირე გასულ ათწლეულში გასამმაგდა. იკლებს მსოფლიოს ყველა მყინვარის თოვლის საფარველი. 

ნახშირორჟანგის უმეტესობას, რომელიც ინდუსტრიულმა ღუმელებმა, ავტომობილებმა, ნახშირის ქარხნებმა და ბეტონის წარმოებამ ატმოსფეროში გამოტყორცნა ოკეანე შთანთქავს, რაც ოკეანეებში მჟავიანობის მატებას იწვევს. მაღალი მჟავიანობა ხელს უშლის მარჯნებს შექმნან რიფები, აზიანებს მოლუსკების ნიჟარებს და ცვლის უფრო დიდი ზღვის ცხოველების მეტაბოლურ პროცესებს.

სამი საუკუნის წინ ყინულისგან თავისუფალი ტერიტორიების 50 % ველური იყო, დღეს ასეთი ტერიტორიები დედამიწის 25%-ს შეადგენს. 2005 წლისთვის ადამიანებმა დედამიწის ხმელეთის ორი მეხუთედი აგრიკულტურულ მიწად გარდაქმნეს. დღესდღეობით ადამიანები ხმელეთის მცენარეების მიერ წარმოებული ბიომასის ერთ მესამედს აკონტროლებენ. 

1970 წლის შემდეგ ადამიანებმა ცხოველების, ფრინველების, თევზების და ქვეწარმავლების 60 % გადაშენებამდე მიიყვანეს. მეოცე საუკუნეში სახეობათა გადაშენების სიხშირე ასჯერ უფრო მაღალი იყო, ვიდრე წარსულში.

ადამიანის გავლენის თვალსაჩინოების მიუხედავად, გეოლოგიურ დროის ერთეულებს შორის ზღვარის გასავლებად საჭიროა ქვების ფენების დეტალური შესწავლა, რომელიც ასახავს ზღვის დონის, ოკეანის ქიმიის, კლიმატის პატერნების და გადაშენებების პერიოდების მონაცვლეობას. ანთროპოცენის ყველაზე თვალსაჩინო მტკიცებულებაა ბირთვული იარაღების ტესტირების შედეგად დარჩენილი იშვიათი რადიოაქტიური იზოტოპებია. მეცნიერები ანთროპოცენის დასაწყისს უკავშირებენ 1950 წელს, როცა ბირთვული იარაღის ტესტირებების შედეგად გარემოში გაიზარდა პლუტონიუმის კონცენტრაცია, რაც აღიბეჭდა ქვის ფენებში. 

2019 წლის 21 იანვარს გამოჩენილმა ნატურალისტმა, მეცნიერმა და წამყვანმა დევიდ ეტენბორომ სიტყვით მიმართა დავოსის ეკონომიკურ ფორუმს. 

"მე სიტყვასიტყვით სხვა ეპოქიდან ვარ. მე დავიბადე ჰოლოცენში - კლიმატური სტაბილურობის 12 000 წლიან პერიოდში, რომელმაც ადამიანებს დასახლების, მეურნეობის და ცივილიზაციის შექმნის შესაძლებლობა მისცა. ამ სტაბილურობამ მისცა ბიზნესებს ზრდის, ერებს თანამშრომლობის, ადამიანებს კი იდეების გაზიარების საშუალება. ჩემი სიცოცხლის განმავლობაში, ეს ყველაფერი შეიცვალა. ედემის ბაღი აღარაა. ჩვენ იმდენად შევცვალეთ სამყარო, რომ ახალ გეოლოგიურ ეპოქაში შევედით: ანთროპოცენი - ადამიანების ხანა." 

ნატურალისტმა დამსწრე ბიზნესმენებს და პოლიტიკოსებს მოუწოდა, რომ სერიოზულად მოეკიდონ კლიმატის ცვლილების პრობლემას, ვიდრე ზიანი გამოუსწორებელი იქნება. 

 

 

კომენტარები