დონალდ ტრამპი

ტრამპი სირიიდან ჯარების გაყვანაზე: უკან დაბრუნდებით, თუ საჭირო გახდება

დონალდ ტრამპი
Time

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა CBS-თან ინტერვიუში თქვა, რომ თუ სირიასა და ავღანეთში აშშ-ის ჯარების გამოსვლის შემდეგ ე.წ. ისლამური სახელმწიფო და სხვა ტერორისტული დაჯგუფებები გააქტიურდებიან, ის სამხედრო ძალებს დააბრუნებს.

ჟურნალისტის შეკითხვაზე რას ფიქრობს ტრამპი საკუთარი სადაზვერვო სამსახურების მოსაზრებაზე, რომ რეგიონიდან აშშ-ის ძალების გასვლა ვაკუუმს შექმნის, რამაც შესაძლოა ტერორისტული დაჯგუფებების ხელახლა გაძლიერება გამოიწვიოს ტრამპმა თქვა:

"იცით რა? უკან დაბრუნდებით, თუ საჭირო გახდება. ჩვენ ძალიან სწრაფი საბრძოლო და სატვირთო თვითმფრინავები გვაქვს. შეგვიძლია ძალლიან სრაფად დავბრუნდეთ. და მე არ ვტოვებ. ერაყში გვაქვს ბაზა და შესანიშნავი ბაზაა. იქ ვიყავი ცოტა ხნის წინ და არ მჯეროდა თანხის ის რაოდენობა, რასაც ამ მასიურ ასაფრენ ზოლებზე ვხარჯავთ. ასეთი რამ იშვიათად მინახავს სადმე."

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის დაზვერვის ხელმძღვანელმა, დენ კოუტსმა სენატის წინაშე მოხსენებისას თქვა, რომ ე.წ. ისლამური სახელმწიფო კვლავ წარმოადგენს საფრთხეს, ერაყსა და სირიაში ათასობით მებრძოლი ჰყავს და მოსალოდნელია, რომ კვლავ დაგეგმავს ტერორისტულ თავდასხმებს.

ტრამპმა საკუთარ ტვიტერზე ამასთან დაკავშირებით დაწერა:

"როდესაც პრეზიდენტი გავხდი ე.წ. ისლამური სახელმწიფო სირიაში უკონტროლო იყო. ამის შემდეგ უდიდესი პროგრესი გვაქვს, განსაკუთრებით უკანასკნელი 5 კვირის მანძილზე. ხალიფატი მალე განადგურდება, რაც 2 წლის წინ წარმოუდგენელი იყო. 18 წლიანი ბრძოლის შემდეგ ავღანეთში მოლაპარაკებები გრძელდება. ბრძოლაც გრძელდება, მაგრამ ავღანელ ხალხს მშვიდობა უნდა და არა ეს დაუსრულებელი ომი. მალე ვნახავთ რამდენად წარმატებული აღმოჩნდება მოლაპარაკებები."

დონალდ ტრამპმა 20 დეკემბერს გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აშშ-ს სირიიდან სამხედრო ძალები გამოჰყავს. ტრამპის თქმით ე.წ. ისლამური სახელმწიფო დამარცხებულია, და დროა ამერიკელი ჯარისკაცები სახლებში დაბრუნდნენ. გადაწყვეტილებას კრიტიკა მოჰყვა როგორც აშშ-ის პარტნიორების მხრიდან, ასევე ტრამპის რესპუბლიკური პარტიის წევრებისგანაც. თანამდებობა დატოვა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ჯეიმზ მეტისმა.

კომენტარები