სავალდებულო დაზღვევა

ახალი კანონპროექტით, მძღოლებისთვის დაზღვევის ყიდვა შესაძლოა სავალდებულო გახდეს

თბილისის მერია

პარლამენტში ინიცირებულია კანონპროექტი, რომელიც საქართველოში რეგისტრირებული მანქანების მფლობელებს ავალდებულებს, სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა შეიძინონ. 

შესაბამისი ცვლილებები "საქართველოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ" კანონში შედის. 

საკანონმდებლო ცვლილების ინიციატორი საქართველოს მთავრობაა, ავტორი კი - ფინანსთა სამინისტრო. 

კანონპროექტის მიხედვით, მზღვეველი აანაზღაურებს მატერიალურს ზიანს, რომელის გადახდა ეკისრება მფლობელს ან მძღოლს გზებზე მოძრაობისას დაზარალებულის სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან ქონებისთვის მიყენებულ ზიანზე. 

"სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა ერთ-ერთი წამყვანი სავალდებულო დაზღვევის სახეობაა საერთაშორისო პრაქტიკაში. მძღოლის დაუდევრობის, უყურადღებობის, არასაკმარისი ცოდნის, სატრანსპორტო საშუალების არასათანადო მოვლა-პატრონობისა და სხვადასხვა მიზეზების გამო, იზრდება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებისა და გაუთვალისწინებელი შედეგების დადგომის ალბათობა. სწორედ სავალდებულო დაზღვევა ქმნის მატერიალურ გარანტიას, ერთი მხრივ, მძღოლისთვის და მეორე მხრივ, დაზარალებულისთვის – ამ უკანასკნელის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და  ქონებისთვის მიყენებული ზიანის დადგომის დროს", – წერია განმარტებით ბარათში.

კანონპროექტის მიხედვით, სავალდებულო დაზღვევის შეძენა შესაძლებელია მზღვეველთან, დაზღვევის აგენტის ან სადაზღვევო ბროკერის მეშვეობით, ელექტრონულ-ტექნიკური გადახდის საშუალებით.

აღსანიშნავია, რომ ამ ტიპის დაზღვევის პაკეტს მომხმარებლებს კერძო სადაზღვევვო კომპანიები წლებია, სთავაზობენ. ავტომფლობელს ე.წ მესამე პირის დაზღვევის პაკეტის ყიდვა ნებაყოფლობით ისედაც შეუძლია. 

სავალდებულო დაზღვევის ფასები ასეთია: 

  • მოტოციკლისთვის, რომლის ძრავის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია – 75.00 – 110.00 ლარი;
  • მსუბუქი ავტომობილისთვის, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა 3 500 კგ-ს, ხოლო დასასხდომი ადგილების (გარდა მძღოლის ადგილისა) რაოდენობა 8-ს არ აღემატება – 100.00 – 150.00 ლარი;
  • ავტობუსისათვის, რომლის დასასხდომი ადგილების (გარდა მძღოლის ადგილისა) რაოდენობა 8-ს აღემატება –160.00 – 240.00ლარი;
  • სატვირთო ავტომობილისათვის, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა 3 500 კგ-ს აღემატება–210.00-310.00ლარი;
  • მისაბმელისათვის – 50.00-75.00 ლარი;
  • სასოფლო-სამეურნეო მანქანისთვის, სპეციალიზებული თვითმავალი მანქანისთვის – 60.00-90.00 ლარი.

სადაზღვევო პრემიების გაანგარიშების დროს მხედველობაში იქნა მიღებული მსოფლიო ბანკის ექსპერტების, მათ შორის აქტუარების მიერ გაანგარიშებული და შემოთავაზებული მაჩვენებელი მსუბუქ ავტომობილებზე საქართველოში არსებული სტატისტიკის გათვალისწინებით.

კანონის ამოქმედება 2019 წლის 1-ლი ივლისიდან იგეგმება. 

კომენტარები