ვენესუელა

ევროპის 9 ქვეყანამ ვენესუელის პრეზიდენტად ხუან გუაიდო აღიარა

0 კომენტარი
ხუან გუაიდო ფოტო: Reuters

ევროპის 9 ქვეყანამ - საფრანგეთმა, ესპანეთმა, გერმანიამ, ბრიტანეთმა, პორტუგალიამ, შვედეთმა, დანიამ, ავსტრიამ და ჰოლანდიამ ვენესუელის გარდამავალ პრეზიდენტად ხუან გუაიდო აღიარეს.

მათ ნიკოლას მადუროს არჩევნების დასანიშნად ერთი კვირა მისცეს, თუმცა მან ამაზე უარი თქვა.

"ჩვენ ულტიმატუმებს არავისგან ვიღებთ. უარს ვამბობ ახლა არჩევნების დანიშვნაზე. არჩევნები 2024 წელს გაიმართება. არ გვადარდებს რას ამბობს ევროპა." თქვა მადურომ.

შეგახსენებთ, რომ მადუროს რეჟიმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები ორი კვირის წინ დაიწყო და ქუჩაში ათობით ათასი ადამიანი გამოვიდა. მას შემდეგ 40-ზე მეტი ადამიანი მოკლეს, ხოლო პოლიციამ 850-ზე მეტი დააკავა, მათ შორის 77 არასრულწლოვანი.

ხუან გუაიდო 20-ზე მეტმა ქვეყანამ, მათ შორის აშშ-მა ბრაზილიამ, კანადამ, არგენტინამ, კოლუმბიამ და საქართველომ და ასევე ევროპარლამენტმა ვენესუელის გარდამავალ პრეზიდენტად ცნეს.

ნიკოლას მადუროს რეჟიმს მხარს რუსეთი, ჩინეთი, თურქეთი, ირანი, სირია, კუბა, ბელარუსი, მექსიკა, ნიკარაგუა, სურინამი და ბოლივია უჭერენ.

ვენესუელის უზენაესმა სასამართლომ ოპოზიციის ლიდერს, ხუან გუაიდოს საბანკო ანგარიშები გაუყინა და ქვეყნის დატოვება აუკრძალა, ხოლო ქვეყნის მთავარმა პროკურორმა მის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. მისი თქმით გამოძიების მიზანია დაადგინოს რა როლი აქვს გუაიდოს "სერიოზულ დანაშაულებში, რომლებიც ქვეყანაში კონსტიტუციურ წესრიგს უქმნიან საფრთხეს."

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ვენესუელის სახელმწიფო მფლობელობაში არსებულ ნავთობკომპანიას PDVSA-ს სანქციები დაუწესა.

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის, ჯონ ბოლტონის თქმით თუ ვენესუელაში ამერიკელ დიპლომატებს ან ოპოზიციის ლიდერ ხუან გუაიდოს რაიმე საფრთხე დაემუქრებათ, აშშ "შესაბამის პასუხს გასცემს".

ნიკოლას მადურომ რუსულ სახელმწიფო მედია RIA Novosti-ს ინტერვიუ მისცა და თქვა, რომ ოპოზიციასთან მოლაპარაკებებისათვის მზადაა. გუაიდო მადუროს დიქტატორს უწოდებს და ამბობს, რომ ყველაფერს გააკეთებს თავისუფალი არჩევნების დასანიშნად.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თინათინ წულაძე

კომენტარები