მაჩალიკაშვილის საქმე

ენმ მაჩალიკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით პარლამენტს მიმართავს

reginfo,ge

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შემნას ითხოვს. ფრაქციამ საქართველოს პარლამენტს განსახილველად შესაბამისი დადგენილება უკვე წარუდგინა. პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ კომისიამ უნდა შეისწავლოს პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებული გარემოებები. 

"აღნიშნული ფაქტისას იკვეთება სახელმწიფო ორგანოს, თანამდებობის პირების კანონსაწინააღმდეგო ქმედებები, რომლის შედეგადაც მოხდა თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, თუ ვის მიერ იქნა ბრძანება გაცემული და რის საფუძველზე. კერძოდ, ჰქონდათ თუ არა უტყუარი მტკიცებულებები საგამოძიებო ორგანოებს და არსებობდა თუ არა საფუძვლიანი ეჭვი, რომლის შედეგადაც განხორცილედა პირის ლიკვიდაცია. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში დაზარალებულებს აქვთ საფუძვლიანი კითხვები და უნდობლობა გამოძიების მიმართ, რომელსაც დღემდე არ მოუხდენია სათანადო სამართლებრივი რეაგირება." - წერია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

26 დეკემბერს, გამთენიისას პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად სულ 5 ადამიანი დააკავეს, ერთერთი ბრალდებული, თემირლან მაჩალიკაშვილი კი მძიმედ დაიჭრა, რის შემდეგაც გარდაიცვალა. სპეცოპერაციის დღეს სუს-ში განაცხადეს, რომ მაჩალიკაშვილმა წინააღმდეგობის გაწევა და ხელყუმბარის მოქმედებაში მოყვანა სცადა. გარდაცვლილის ოჯახის წევრები კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებენ. მათი თქმით, სახლში იარაღი არ აღმოუჩენიათ და დაკავებულს არც ხელყუმბარა ჰქონია. გარდა ამისა, მათი მტკიცებით, მაჩალიკაშვილს საძინებელში ესროლეს. მოგვიანებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში თქვეს, რომ აქვთ ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, რომ ახმედ ჩატაევის დაჯგუფების წევრები თემირლან მაჩალიკაშვილთან ერთად გადაადგილდებიან.

კომენტარები