დანაშაულის სტატისტიკა

მეზვრიშვილი: ხულიგნობა, ცივი იარაღი, გამოძალვა, კანონიერი ქურდობა - ციფრებში ზრდა შეინიშნება

"არის გარკვეული კატეგორია დანაშაულები მაგალითად: ხულიგნობა, ცივი იარაღის ტარება, გამოძალვა, ქურდული სამყაროს წევრობა, კანონიერი ქურდობა - სადაც ციფრებში ზრდა შეინიშნება და ეს რეალურად დღეს არის არა მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოწვევა, არამედ მთლიანად მართლმსაჯულების სისტემის გამოწვევა." - შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა 2018 წლის რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკის ტენდენციები წარმოადგინა. მეზვრიშვილი ამბობს, რომ სტატისტიკურ მონაცემებში გარკვეული დანაშაულების ზრდა, განპირობებულია აღრიცხვიანობის გაუმჯობესებით.

"ქურდობასთან მიმართებით ისევე როგორც, მუქარასთან, იძულებასთან მიმართებით, ჯანმრთელობის მსუბუქ დაზიანებასთან მიმართებით, ზრდა განპირობებულია აღრიცხვიანობის გაუმჯობესებით. თუმცა, არის გარკვეული კატეგორია დანაშაულების მაგ; ხულიგნობა, ცივი იარაღის ტარება, გამოძალვა, ქურდული სამყაროს წევრობა, კანონიერი ქურდობა - სადაც ციფრებში ზრდა შეინიშნება და ეს რეალურად დღეს არის არა მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოწვევა, არამედ მთლიანად მართლმსაჯულების სისტემის გამოწვევა. ჩვენ 2018 წელს ამ მიმართულებით ნაბიჯები გადავდგით, არა მხოლოდ პრაქტიკული, არამედ საკანონმდებლო თვალსაზრისით. კანონმდებლობა გავამკაცრეთ, მთელი რიგი ქმედებების კრიმინალიზაცია მოვახდინეთ. ამ პრობლემას ჩვენ ვებრძვით არა მარტო ახალი საკანონმდებლო ინიციატივებით," - ამბობს მინისტრის მოადგილე. 

მეზვრიშვილის ინფორმაციითვე, 2018 წელს წინა წელთან შედარებით უცვლელია მკვლელობების მაჩვენებელი და 2,5 პროცენტით არის შემცირებული ყაჩაღობა. 17,4 %-ით შემცირებულია ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება. რაც შეეხება ზრდას, სტატისტიკური ზრდის 75% მოდის საკუთრების წინააღმდეგ და ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებზე (ძირითადად მსუბუქ დაზიანებებზე), აგრეთვე მუქარაზე, იძულებაზე და თაღლითობაზე.

კომენტარები