ეკა ბესელია

ბესელია კალაძეზე: სტუმარი მასპინძელს რომ ეტყვის, მიბრძანდიო, ანომალიასთან გვაქვს საქმე

ეკა ბესელია

ეკა ბესელია კალაძის განცხადების პასუხად ამბობს, რომ ის "ასე არ უნდა საუბრობდეს".

"რას ნიშნავს, არ გიღირს შენი თანაგუნდელი?", - თქვა ეკა ბესელიამ. 

თბილისის მერმა და ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა თქვა, რომ "პარტიულ დისციპლინას დიდი მნიშვნელობა აქვს და ვისაც გუნდის დატოვების სურვილი აქვს, კარი ღიაა". 

"იძულებით არავინ არავისთან არ არის. ჩვენ გვაერთიანებდა და უნდა გაგვაერთიანოს ერთნაირმა ღირებულებებმა და ფასეულობებმა. თუ ამას დავშორდებით, რა თქმა უნდა, კარი ყველასთვის იქნება ღია. 

უბრალოდ, მე არ ვარ სტუმრად მისული. უკაცრავად, მაგრამ მე დავხვდი იმ ხალხს ვინც მოვიდა. დავხვდი. არა ვარ სტუმარი. ამიტომ სტუმარს შეიძლება უთხრა, თუ ვერ ხვდება, მიბრძანდი. სტუმარი მასპინძელს რომ ეტყვის, მიბრძანდიო, რაღაცა ანომალიასთან გვაქვს საქმე. თუ მასპინძელი გადაწყვეტს, რომ სხვაგან წავიდეს, გადაწყვიტოს თვითონ. ამიტომ არ ველაპარაკოთ ასეთ ტონალობაში ერთმანეთს", - თქვა ეკა ბესელიამ. 

ჟურნალისტების კითხვაზე, დატოვებს თუ არა უმრავლესობას, ბესელია ამბობს, მას არ სურს, მსგავსი გადაწყვეტილებები პერსონალურ განცდებს ეფუძნებოდეს. 

"არავითარი პიროვნული აქ არავის არაფერი აქვს. მე არ მინდა, რომ ეს გადაწყვეტილება ეფუძნებოდეს პერსონალურ განცდებს. მინდა, გადავდო ჩემი თავი გვერდზე და თუ რამე შემიძლია, იმ შედეგისთვის ვიბრძოლო, რომ ეს ქვეყანა დარჩეს გამართული მართლმსაჯულების ხელში. 

რაღა დროს გარიცხვებზე ლაპარაკია, რა ვიცი ახლა. მე მგონია, რომ სხვა პოლიტიკური პროცესია დღეს ქვეყანაში, სხვა ეტაპზე გადავედით. ცოტა გაიზარდა საზოგადოებაც და არ მგონია, რომ ასეთი კატეგორიებით უნდა საუბრობდეს მმართველ პარტიაში ვინმე. თითის დაქნევები და დატუქსვები. ვაგვართ ახლა ჩვენ იმ ადამიანებს, რომ მე ვინმემ თითი უნდა დამიქნიოს. არ მგონია, რომ ასეთ შთაბეჭდილებას რომელიმე ჩვენგანი ტოვებდეს. მე ყველას მინდა ვუთხრა, რომ გამოვიდეს მშობლის როლიდან და ზრდასრულის როლიდან მელაპარაკოს. 

მე მესმის, რომ გედის გული აქვს ნატკენი, მისი ემოციებიც უფრო მძაფრად არის გამოხატული. ჩვენ ყველა ძალიან ვღელავთ და ემოციურადაც და ძალიან მაღალი პასუხისმგებლობით მივყვებით ამ პროცესს. ეს არ არის ადვილი არც ერთი ჩვენგანისთვის ის, რაც დეკემბრიდან დღემდე ხდება. მიუხედავად იმისა, რომ მესმის გედის ეს განწყობა, მგონია, რომ ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, ამოვწუროთ ყველა შესაძლებლობა იმისთვის, რომ შედეგი მივიღოთ ამ მეორე ეტაპზეც.

ჩვენთვის იმ გადაწყვეტილების შემდეგ, როცა მე დავტოვე კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა, შედეგი იყო სიის შეჩერება. ახლა ჩვენ გვინდა შემდეგი შედეგი, რომ მივიღოთ კარგი სია, ანუ მოსამართლეები, რომლებიც ღირსეულად შევლენ უზენაეს სასამართლოში და შეგვიძლია, ღირსეულად ჩავაბაროთ ქართული მართლმსაჯულება. გვინდა შედეგი, რომ კანონში შევიდეს კარგი ცვლილებები და ეს კანონი არ დაგვიწეროს სადმე სხვაგან, პარლამენტს გარეთ, არამედ აქ დაიწეროს, ჩვენ მიერ. რა კრიტერიუმები გვინდა. 

მესამე, ჩვენ გვინდა, შეჩერდეს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა დროებით, ვიდრე არ გატარდება რეფორმა და არ იქნება მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები", - თქვა ბესელიამ. 

დღეს საპარლამენტო უმრავლესობის დატოვებაზე გედევან ფოფხაძემ ისაუბრა. მისი თქმით, "აქ საუბარია არა გარიცხვაზე, არამედ იმაზე, ვინ ვის დაასწრებს". 

უზენაესი სასამართლოს ირგვლივ განვითარებული მოვლენები

კონსტიტუციის ახალი რედაქციით, რომელიც ძალაში 16 დეკემბერს შევიდა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა რიცხვი, სულ მცირე, 28 უნდა იყოს. 

დამატებით 17 მოსამართლის დანიშვნა აუცილებელი სწორედ ამის გამო ხდება - დღეის მდგომარეობით, უზენაეს სასამართლოში 11 მოქმედი მოსამართლეა. თუმცა, ამ ეტაპზე იუსტიციის უმაღლესი საბჭო მხოლოდ 10 მათგანის დანიშვნაზე ზრუნავს. 

ქვეყნის მთავარი დოკუმენტის ახალი რედაქციით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს, იუსტიციის საბჭოს წარდგინებით პარლამენტი უვადოდ ნიშნავს.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10 კანდიდატი 24 დეკემბერს დაასახელა. საბჭომ პარლამენტს დასამტკიცებლად მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე და გიორგი მიქაუტაძე წარუდგინა. ყველა მათგანი საბჭოს მოსამართლე წევრია. 

კანდიდატურები, ისევე, როგორც მათ შესახებ გადაწყვეტილების მიღების და წარდგენის ფორმა საბჭოს არამოსამართლე წევრების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების უკმაყოფილებას იწვევდა. 

სიას მოწინააღმდეგეები ჰყავდა ქართულ ოცნებაშიც, მათ შორის არიან ეკა ბესელია და გედევან ფოფხაძე. სწორედ ეს დასახელდა მმართველ გუნდში ბოლოდროინდელი დაპირისპირების ოფიციალურ მიზეზად.

12 იანვარს, მას შემდეგ, რაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს შეხვდა, პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, რომ სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფი მოსამართლეთა შესარჩევად პროცედურისა და კრიტერიუმებს შეიმუშავებს. სწორედ ამ კრიტერიუმების საფუძველზე განახლდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატების სია.

21 იანვარს წარდგენილმა 10-ვე მოსამართლემ კონკურსში მონაწილეობაზე უარი თქვა და კანდიდატურა მოხსნა, "არაჯანსაღი სპეკულაციების თავიდან აცილების მიზნით". 

კომენტარები