ქართული ოცნება

"არ შეიძლება, გუნდურობა მხოლოდ ოფისში საუბრები იყოს" - ფოფხაძე ოცნების სხდომაზე მივიდა

kvira.ge

ქართული ოცნების ოფისში მმართველი გუნდის სხდომა მიმდინარეობს. სხდომას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც ესწრება. 

პარტიის ოფისში მივიდნენ ე.წ ამბოხებული დეპუტატებიც, ლევან გოგიჩაიშვილი და გედევან ფოფხაძე. 

დღევანდელი შეხვედრის შემდეგ შესაძლოა გედევან ფოფხაძე პარტიიდანაც გაირიცხოს. 

ფოფხაძის თქმით, დღეს მას სხდომაზე მოსვლა არ სურდა, მაგრამ მოვიდა, რადგან არ სურდა, მის თანაგუნდელებს ეფიქრათ, რომ ის დიალოგს და საუბარს გაურბის. 

"გულწრფელად გეტყვით, რომ შინაგანი სურვილი აქ მოსვლის არ მქონდა, მაგრამ მე არ მინდა ვინმემ თქვას, რომ ჩვენ გავურბივართ დიალოგს და გავურბივართ საუბარს. ჩვენ ჩვენს პოზიციას დღესაც დავაფიქსირებთ მე პირადად, რაც მგონია რომ სწორია დავაფიქსირებ, მგონია პრინციპული ის, რომ არ გადავუხვიოთ მიზანს და ვიფიქროთ იმაზე, რომ ღირსეული ადამიანები იყვნენ არჩეული უზენაეს სასამართლოში. თუ ასე ისმება საკითხი, რომ მე არ უნდა ვისაუბრო საჯარო სივრცეში და ჩვენ ვერ ვთანხმდებით, რა თქმა უნდა, ეს შეუთანხმებლობა ჩვენს დისტანცირებას გამოიწვევს.

არ შეიძლება, გუნდურობა ითვალისწინებდეს საუბრებს მხოლოდ "ქართული ოცნების" ოფისში - ეს საუბრები უნდა იცოდეს საზოგადოებამ, რადგან ყველას ეხება. თუ ასეთი შეზღუდვა იქნება არასწორი. თუ საკითხი ისმევა ისე, რომ მე არ უნდა ვისაუბრო გუნდის შიგნით რაზეც ვსაუბრობთ საჯარო სივრცეში და ჩვენ ვერ ვთანხმდებით, ეს შეუთანხმებლობა ჩვენს დისტანცირებას გამოიწვევს. რაზეც იქნება საუბარი გამოვალ და თქვენთან ვილაპარაკებ. თუ ვინმეს მიაჩნია რომ ეს არაგუნდურია, მე მიმაჩნია, რომ სწორედ ეს არის გუნდურობა. აქედან როდის და როგორ წამოვალ, ამაზე უფრო მნიშვნელოვანია ის რაც აქ ხდება ხალხმა იცოდეს", - თქვა გედევან ფოფხაძემ შენობაში შესვლამდე. 

გედევან ფოფხაძემ გუშინ, 5 თებერვალს ისაუბრა იმაზე, რომ შესაძლოა უმრავლესობა დატოვოს. თუმცა, ასევე დააზუსტა, რომ "აქ საუბარია არა უმრავლესობის დატოვებაზე, არამედ იმაზე, ვინ ვის დაასწრებს". 

მმართველ გუნდთან დაპირისპირება კი ფოფხაძეს, ასევე ლევან გოგიჩაიშვილსა და ეკა ბესელიას შორის გასული წლის დეკემბერში დაიწყო, როდესაც ამ დეპუტატებმა უზენაესი სასამართლოს უვადოდ დასანიშნი მოსამართლეების სია გააპროტესტეს. 

ბესელიამ 27 დეკემბერს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტიც დატოვა. 

ბესელიას შემდეგ კომიტეტის თავმჯდომარედ გედევან ფოფხაძე დანიშნეს, თუმცა, რამდენიმე დღეში ქართულმა ოცნებამ ფოფხაძის კანდიდატურა გაიწვია და მიზეზად რეგლამენტის დარღვევა დაასახელა. 

ბიძინა ივანიშვილმა, ასევე ირაკლი კობახიძემ და ქართული ოცნების სხვა წევრებმა კი "ამბოხებული დეპუტატები" გუნდურობის პრინციპის დარღვევაში დაადანაშაულეს, ვინაიდან მათ პარტიის შიგნით არსებული აზრთა სხვადასხვაობა "გარეთ გამოიტანეს". 

კომენტარები