ევოლუცია

როდის დაიწყო კენგურუმ ხტუნვა?

მეცნიერებმა აღმოაჩინეს, თუ როდის დაიწყო კენგურუმ ხტუნვა. ახალაღმოჩენილმა ნამარხებმა გამოავლინა, რომ კენგურუს გადაადგილების ეს ფორმა 20 მილიონი წლისაა.

კენგურუ ერთადერთი მსხვილი ძუძუმწოვარია, რომელიც გადაადგილების ფორმად ორ ფეხზე ხტუნვას იყენებს. 

თანამედროვე კენგურუს გადაშენებული წინაპრის ფეხის ნამარხების შესწავლამ აჩვენა, რომ ისინი ოთხ ფეხზეც გადაადგილდებოდნენ, ხეებზე დაცოცავდნენ და ასევე ხტუნავდნენ თანამედროვე კენგურუებივით. კენგურუს წინაპრის იშვიათი ნამარხი ავსტრალიის ჩრდილო-დასავლეთში, რივერსლეის ტერიტორიაზე აღმოაჩინეს. 

რივერსლეიში ასევე მოიპოვება ღამურების, ღვლიკების, გველების, ნიანგების, ფრინველების და ჩანთოსნების მრავალი ნამარხი. 

კენგურუებს ხტუნვით საკმაოდ დიდი მანძილის დაფარვა შეუძლიათ, რაც საკმაოდ ეფექტურია ღია არეალში, როგორებიცაა უდაბნოები და მინდვრები. აქამდე გავრცელებული შეხედულების თანახმად, კენგურუებს ხტუნვის უნარი განუვითარდათ 10 მილიონი წლის წინ, როგორც მშრალ კლიმატთან და მინდვრების გავრცელებასთან ადაპტირების საშუალება.  თუმცა, კვლევაში, რომელიც Royal Society Open Science-ში გამოქვეყნდა, მეცნიერები ამტკიცებენ, რომ კენგურუების წინაპრებს ხტუნვა 20 მილიონი წლის წინ შეეძლოთ.

კენგურუს გადაშენებული წინაპრის ტერფის ძვალი

კომენტარები