ია კერზაიას საქმე

ხვალ, ბაჩანა შენგელია პარლამენტში განათლების მინისტრთან შეხვედრას დაესწრება

0 კომენტარი

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორის, გარდაცვლილი ია კრეზაიას შვილი, ბაჩანა შენგელია ხვალ, პარლამენტში განათლების მინისტრთან შეხვედრას დაესწრება.

ამის შესახებ შენგელია facebook-ზე წერს. მისი თქმით, საკომიტეტო მოსმენაზე, სადაც მხოლოდ კერზაიას საქმე განიხილება, დეპუტატებთან ერთად კითხვებს თავადაც დასვამს.

"იმედია საზოგადოება საბოლოოდ გაიგებს რასთან გვაქვს საქმე. საქმე კი გვაქვს სისტემურ დანაშაულთან განათლების სამინისტროს მხრიდან და იმედია ის ადამიანები, ვინც ამ სისტემას ემსახურება, მიხვდებიან, რომ დუმილი ახლა არის დანაშაული. ამ შემთხვევაში ურმით არ ივლის სამართალი, ამის პირობას მე გაძლევთ, რადგან სიმართლე ჩვენს მხარეს არის. საბოლოოდ წააგებთ ომს, მიუხედავად უთანასწორო ბრძოლებისა და მაინც მოგიწევთ განსასჯელის სკამზე დაჯდომა, ძვირფასო დოქსოპულოებო!",- წერს ბაჩანა შენგელია. 

აღსანიშნავია, 28 დეკემბერს ჩანიშნულ კომიტეტის სხდომაზე, სადაც ია კერზაიას საქმეზე უნდა მოესმინათ, მინისტრი არ მივიდა. სხდომა დაიხურა და გადაიდო. 

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი ია კერზაია, რომელიც წინასაარჩევნო ზეწოლაზე საუბრობდა, 2 დეკემბერს, ინსულტის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

ია კერზაიას ჯანმრთელობის გაუარესებას წინ განათლების სამინისტროს ინსპექტირების ჯგუფის მიერ სკოლის შემოწმება უძღოდა. ინსპექცია სკოლაში 9 ნოემბერს შევიდა. განათლების სამინისტროს მტკიცებით, შესწავლა მოქალაქის განცხადების საფუძველზე დაიწყეს და "სხვადასხვა მძიმე სახის დარღვევა" გამოავლინეს, მათ შორის ადმინისტრაციულ და ფინანსურ საქმიანობაში, ასევე სანიტარულ-ჰიგიენური კუთხით. უწყება ხაზს უსვამდა, რომ კერზაია სკოლის დირექტორის თანამდებობაზე კვლავ რჩებოდა.

თუმცა სკოლის დირექტორის შვილი, ადვოკატი ბაჩანა შენგელია ამბობს, რომ ეს განათლების სამინისტროში დაგეგმილი და განხორციელებული მკვლელობაა. მისი თქმით, სკოლაში ინსპექციის შესვლამდე დედამისს ქართული ოცნების სასარგებლოდ მუშაობა მრავალჯერ შესთავაზეს, უარის შემდეგ კი სკოლიდან გათავისუფლებით დაემუქრნენ. ბაჩანა შენგელია დედამისის ჯანმრთელობის გაუარესებას სკოლის ამბებზე ნერვიულობას უკავშირებდა.

თავად ია კერზაია facebook-ზე წერდა, რომ არასდროს არცერთი პარტიის წევრი არ ყოფილა:

"ახლა ისეთი განცდა მაქვს, თითქოს სახელმწიფო მანქანა მებრძვის. მე ვარ ადამიანი, რომელმაც ყველაფერი, შეუძლებელიც კი გავაკეთე მე-6 საჯარო სკოლისთვის. არ ვაპირებ ჩამოთვლას...ყველამ (მათ შორის იმათაც, ვინც მებრძვის) იცის ამის შესახებ. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი" - წერდა კერზაია.

24 დეკემბერს, ბაჩანა შენგელიამ ის ანონიმურ წერილი გამოაქვეყნა, რომლის საფუძველზეც სკოლაში ინსპექტორი შევიდა. აღნიშნულ საქმეზე შენგელია მთავარ პროკურატურაში 25 დეკემბერს გამოკითხეს

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

VIDEO: რუსი ჟურნალისტი, ალეკსანდრ ნევზოროვი განდაგანას ფონზე მაისურს GEORGIA-ს აწერს

კომენტარები