რეკლამა

"CO ბუნებრივ აირზე გაცილებით საშიშია" - ყაზტრანსგაზი მომხმარებლებს აფრთხილებს

ყაზტრანსგაზის ინფორმაციით, თბილისში, ხეთაგუროვის ქუჩაზე სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის ნამწვით ცოლ-ქმარი მოიწამლა. კომპანიაში ამბობენ, რომ ადგილზე მისულმა სპეციალისტებმა ღია კამერიანი წყლის გამაცხელებელი ჩაჭრეს და ბინის მეპატრონეები გააფრთხილეს, არ მოიხმარონ ეს დანადგარი.

შსს-ს ინფორმაციით, ცოლ-ქმარი თავს კარგად გრძნობს, მათი საავადმყოფოში გადაყვანა საჭირო არ გახდა და არც გამოძიება დაწყებულა.

"წუხელ თბილისში, ხეთაგუროვის ქუჩა #4-ში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის ნამწვით (CO) ხანში შესული ცოლ-ქმარი მოიწამლა. ოჯახში ღია კამერიან აკრძალულ წყალგამაცხელებელს ხმარობდნენ. "ყაზტრანსგაზ-თბილისის" ადგილზე მისულმა სპეციალისტებმა აკრძალული ღია კამერიანი წყალგამაცხელებელი ჩაჭრეს და ბინის მეპატრონეები გააფრთხილეს, არ მოიხმარონ აღნიშნული დანადგარი", - ამბობენ კომპანიაში.

მათივე თქმით, ადგილზე მისულმა სპეციალისტებმა კორპუსში მცხოვრები სხვა ადამიანების უსაფრთხოების მიზნით კორპუსის სავენტილაციო არხები შეამოწმეს და ღია კამერიანი კიდევ ერთი გამაცხელებელი აღმოაჩინეს.

"გაზის სპეციალისტებმა კიდევ ერთ მობინადრესთან აღმოაჩინეს ღია კამერიანი აკრძალული წყალგამაცხელებელი, რომლის საკვამლე მილი კორპუსის სავენტილაციო არხთან იყო დაერთებული, რაც სხვა მობინადრეების სიცოცხლესაც საფრთხეს უქმნიდა. მობინადრეს უსაფრთხოების ინსტრუქცია ჩაუტარეს და გააფრთხილეს, რომ აღნიშნული დანადგარი არ მოიხმაროს", - აღნიშნავენ ყაზტრანსგაზსში.

კომპანიაში ასევე ამბობენ, რომ ამავე კორპუსში დაფიქსირდა შემთხვევები, როცა ბინის მეპატრონემ შემოწმებაზე უარი თქვა და გაზის სპეციალისტებს კარი არ გაუღო.

"მსგავსი შემთხვევები ხშირია და, კომპანიის მუშაობის პრაქტიკიდან გამომდინარე, სწორედ ის მობინადრეები არღვევენ უსაფრთხოების წესებს, რომლებიც უარს ამბობენ მათ ბინებში გაზდანადგარების შემოწმებაზე. აკრძალული გაზდანადგარების ჩაჭრას კი "ყაზტრანსგაზ-თბილისი" ვერ ახერხებს, რადგან კომპანიის სპეციალისტებს ქსელის შემოწმების მიზნით მობინადრეები სახლში არ უშვებენ. "ყაზტრანსგაზ-თბილისი" მომხმარებლებს აფრთხილებს, რომ განსაკუთრებით ფრთხილად მოეკიდონ გაზის დანადგარებს. გახსოვდეთ, რომ CO ბუნებრივ აირზე გაცილებით საშიშია!", - ამბობენ ყაზტრანსგაზში.

კომენტარები