ვიქტორ იანუკოვიჩი

იანუკოვიჩი: მე მომატყუეს, არადა ამბობენ, რომ ისე გამაგდეს, როგორც არიფი

ვიქტორ იანუკოვიჩი
tass

რუსეთში გაქცეულმა უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა, ვიქტორ იანუკოვიჩმა, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ კიევის სასამართლომ სახელმწიფო ღალატში ბრალდებულად ცნო, 6 თებერვალს მოსკოვში პრესკონფერენცია გამართა, სადაც ჟურნალისტების კითხვებს პასუხობდა. 

კერძოდ, იანუკოვიჩი ყვება, რომ 2014 წლის თებერვალში ევრომეიდანის დროს მასსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეთანხმება შედგა, რომელიც დოკუმენტად იქცა და მას ორივე მხარემ მოაწერა ხელი. მისი თქმით, შეთანხმება ერთიანი ეროვნული მმართველობის შექმნასა და პრეზიდენტის დაჩქარებულ არჩევნებს გულისხმობდა. მისი თქმით, დოკუმენტის ხელმომწერებს შორის ევროპელი დიპლომატები და რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელი, ვლადიმერ ლუკინიც იყო. 

მისი თქმით, ლუკინი მას აფრთხილებდა, რომ შეთანხმება არ შესრულდებოდა, თუმცა მან არ დაუჯერა. 

"მე მომატყუეს, მიღალატეს ან როგორც ახლა "პროგრესული" უკრაინელი პოლიტიკოსები ამბობენ, რომლებიც ასე ახასიათებენ საკუთარ თავს, "გამაგდეს, როგორც არიფი". ლუკინი რუსეთის წარმომადგენელი იყო და ხელი არ მოაწერა შეთანხმებას. მე მას ველაპარაკე 20 და 21 თებერვალს (2014 წლის). ის იჯდა მოლაპარაკებების მაგიდასთან და, სამწუხაროდ, ის მართალი აღმოჩნდა. მან მკითხა: ნუთუ გჯერათ, რომ ამ შეთანხმებებს შეასრულებენ? მე ვუპასუხე, რომ დიახ. მე მინდა, მჯეროდეს იმის, რომ ასეთ საფეხურზე, როდესაც ევროპული სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები ჩამოდიან და ხელს აწერენ დოკუმენტებს, ის აუცილებლად შესრულდება. მე მჯერა იმის, რომ უნდა მუშაობდეს რაღაც წესები, რაღაც პრინციპები, რაღაც კანონები... თუკი ევროპა დემოკრატიის აპოლოგეტია და ა.შ. და ა.შ., როგორ შეუძლიათ მათ საკუთარი თავის დისკრედიტირება. მე ვუპასუხე ლუკინს - მე ამის არ მჯერა. ყველაფერს, რასაც ხელს მოვაწერთ, ორივე მხარე შევასრულებთ. სამწუხაროდ, მე შევცდი და ლუკინი მართალი იყო,"- ამბობს იანუკოვიჩი. 

25 იანვარს კიევის სასამართლომ უკრაინის ყოფილ პრეზიდენტს სახელმწიფო ღალატის ბრალდებით 13-წლიანი პატიმრობა შეუფარდა. 

სახელმწიფო ღალატის გარდა, ობოლონსკის რაიონულმა სასამართლომ იანუკოვიჩი კიდევ ორ ბრალდებაში - ომის წამოწყებაში თანამონაწილეობასა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფაში მონაწილეობის მიღებაში ცნო დამნაშავედ. 

პროკურატურა იანუკოვიჩისთვის 15-წლიან პატიმრობას ითხოვდა. სასამართლომ განაჩენი დაუსწრებლად გამოიტანა, რადგან იანუკოვიჩი უკრაინაში არ იმყოფება. 

მოსკოვთან ურთიერთობების გაღრმავების შემდეგ კიევში ევრომაიდანზე პროდასავლელმა დემონსტრანტებმა აქციები გამართეს, რის შედეგადაც 2014 წლის თებერვალში იანუკოვიჩი იძულებული გახდა, დაეტოვებინა ქვეყანა და რუსეთში გაქცეულიყო.

კომენტარები