განათლების რეფორმა

ნარჩემაშვილი: წარმოუდგენელია ქართულის ის დონე, რომელსაც ჩვენ ვხვდებით პირდაპირ ეთერში

პარლამენტი

კობა ნარჩემაშვილს უნივერსიტეტში ზეპირი მისაღები გამოცდების აღდგენა სურს. ეს მან დღეს პარლამენტში თქვა, სადაც განათლების მინისტრი, მიხეილ ბატიაშვილი დეპუტატების კითხვებს პასუხობს. 

"მეჩვენება, რომ ცოდნის დათვლა ხდებოდა და არა შეფასება. ამასთან დაკავშირებით, ძალიან მნიშვნელოვანია, როგორი იქნება ცოდნის შეფასების კრიტერიუმი. 

ჩვენ საერთოდ უგულებელვყავით ზეპირი გამოცდის მნიშვნელობა და როლი. გარდა ისეთი სპეციალობებისა, როგორიც, მაგალითად, თეატრალურია ან სხვა რამ, არსებობს სხვა სპეციალობებიც, სადაც ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ მეტყველებს ახალგაზრდა. თუ გეგმავთ ამ თვალსაზრისით, რომ გარკვეულ სპეციალობებში, თუნდაც ჟურნალსიტიკაში, იურისპრუდენციაში შევინარჩუნოთ ზეპირი გამოცდა. ცალსახად, თავის დროზე ზეპირი გამოცდა შეფასებული იქნა, როგორც ნეგატივი, როგორც არქაიზმი და კორუფციის წყარო, რასაც მე კატეგორიულად არ ვეთანხმები", - თქვა ნარჩემაშვილმა. 

მისივე თქმით, სწორედ ამ თემის გაგრძელებაა ქართულ ენასთან დაკავშირებული პრობლემაც. დეპუტატი წუხს, რომ საჯარო სივრცეებში ბევრი ადამიანი გაუმრთავი ქართულით საუბრობს. 

"წარმოუდგენელია ქართულის ის დონე, იმ ქართულით მოსაუბრე ადამიანები, რომლებსაც ჩვენ ყოველდღიურად ვხვდებით პირდაპირ ეთერში თუ საჯარო სივრცეებში. ამ მიმართულებით რა მიგაჩნიათ, რომ შეიძლება იყოს პარლამენტის თანმხვედრი როლი. არსებობს ენის პალატა, მაგრამ ამ მიმართულებით ვითარება პრინციპულად არ იცვლება", - თქვა მან. 

კომენტარები