განათლების რეფორმა

ბოკერია: სამიზნე რეპეტიტორები კი არა, ის უნდა იყოს, რომ მათ გარეშე ვერ იღებენ ბავშვები ცოდნას

ბატონო მიხეილ, თქვენ აღიარებთ იმას, რომ თქვენი გუნდის მმართველობის შემდეგ კატასტროფული ვითარებაა სკოლაში - ასე მიმართა ევროპული საქართველოს ლიდერმა გიგა ბოკერიამ განათლების მინისტრს მიხეილ ბატიაშვილს, რომელიც პარლამეტში დეპუტატების კითხვებს პასუხობს. 

ბოკერია მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც რეპეტიტორების საქმიანობა გააკრიტიკა და ისინი კორუფციაში დაადანაშაულა. 

ბოკერიას თქმით, ის კი არა არის პრობლემა, რომ დამატებითი ცოდნის მიღებაში მშობლები ფულს იხდიან, არამედ ისაა, რომ რეპეტიტორების გარეშე ბავშვები სათანადო ცოდნას ვერ იღებენ.

" იწყებთ ჯვაროსნულ ლაშქრობას ე.წ რეპეტიტორების წინააღმდეგ და ლაპარაკობთ რომ ეს არის კორუფცია. კორუფცია იყო მაშინ, როცა ეს რეპეტიტორები იჯდნენ გამოცდებზე, უნდა მისულიყავი მათთან და ნიშანი უნდა დაეწერა არა ცოდნაში, არამედ იმიტომ რომ ფული გადაუხადე. ახლა პრობლემა ის არის რომ ვისაც საშუალება არ აქვს რეპეტიტორების ისაა გამოუვალ მდგომარეობაში იმიტომ, რომ სკოლა ვერ აძლევს ამ განათლებას. დამატებითი ცოდნის მიღებაში ფულის გადახდა კი არ არის პრობლემა, ვისაც ამის საშუალება აქვს, ეგ ნორმალურია. სამიზნე რეპეტიტორები კი არ უნდა იყვნენ. სამიზნე ის უნდა იყოს, რომ მათ გარეშე ვერ იღებენ ცოდნას და ახლა თქვენ თავი გააქნიეთ კითხვაზე, რომ გამოცდები არ არის შესაბამისი სკოლაში მისაღები ცოდნისო. მაშინ გამოცდები შეცვალეთ. შინაარსი ამ გამოცდების. ვერ გავიგე საერთოდ. რაღაც ლოგიკა ხომ უნდა არსებობდეს",- ამბობს ბოკერია. 

მისივე თქმით, მინისტრს ვაუჩერის გაზრდაზე არაფერი უთქვამს. დეპუტატი მიიჩნევს, რომ სკოლებს საშუალება უნდა ჰქონდეთ კავლიფიცირებული კადრები მოიზიდონ ან რაშიც საჭიროდ თვლიან იმაში დახარჯონ ფული. 

"ამის ნაცვლად ჩვენ მოვიპოვეთ ბრძანება. რაში ხარჯავთ გადამხდელების ფულს, დამატებით ბიუროკრატიას ქმნით, კონსულტანტებს უნიშნავთ ამ საპილოტე სკოლებს. 8 კონსულტანტს. ოღონდ ამათაც განათლების სამინისტრო დაუნიშნავს ბიუროკრატებს. ანუ აქაც იგივე გზაზე დგახართ, რაზეც მთელი თქვენი გუნდი. სკოლას ანუ მომხმარებელს, მშობელს, ბავშვს კი არ აძლევთ არჩევანს, რომ ეს ფული მოხმარდეს უკეთეს ხარისხს. თქვენ დახარჯავთ ბიუროკრატიაზე ფულს"- აღნიშნა ბოკერიამ. 

განათლების სამინისტრომ რეფორმის ფარგლებში გამოცდების გაუქმება გასულ კვირას დააანონსა. გაუქმდა საატესტატო გამოცდები, ასევე იგეგმება ზოგადი უნარების გამოცდის გაუქმება 2020 წლიდან. 

ცვლილებებს ოპოზიცია აპროტესტებს. ევროპული საქართველო საკანონმდებლო წინადადების ინიცირებასაც გეგმავს, რომლის მიხედვითაც ზოგადი უნარების ჩაბარება ყველა უნივერსიტეტისთვის სავალდებულო იქნება.

კომენტარები