ილიაუნი

ზედანია: ყველას, ვისთვისაც ილიაუნის განვითარება მნიშვნელოვანია, სამსჯელოდ ფორუმზე ვიწვევ

youtube

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიგა ზედანია ყველა დაინტერესებულ პირს ილიაუნის საკითხებზე სამსჯელოდ ფორუმზე იწვევს. ამის შესახებ ზედანია facebook-ზე წერს. 

მისი თქმით, თავად, ილიაუნის მმართველი ორგანოებიც, ადმინისტრაციაც ყველაფერს გავაკეთებთ სტუდენტებთან კომუნიკაციის გასაგრძელებლად, დასამყარებლად, აღსადგენად.

ზედანია წერს, რომ შეხვედრა ყველაზე დიდ, ბ201 აუდიტორიაში, ჭავჭავაძის #32-ში, პარასკევს, 19 საათზე გაიმართება.

გუშინ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის სტუდენტებმა უნივერსიტეტში საპროტესტო აქცია გამართეს. სტუდენტები რეორგანიზაციის პროცესის შეჩერებას ითხოვენ. მათ ამ საკითხთან დაკავშირებით უნივერსიტეტის რექტორთან, გიგა ზედანიასთან და აკადემიურ საბჭოს წევრებთან შეხვედრა მოითხოვეს.

სტუდენტები მიუღებლად მიიჩნევენ იმ ფაქტს, რომ ბიზნესის სკოლა ახლადშექმნილ ფაკულტეტს შუერთდა და მათი ნაწილი ამბობს, რომ ადმინისტრაციამ ეს გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო და სტუდენტებთან კომუნიკაცია არ ყოფილა. მათ ასევე თქვეს, რომ საბჭომ ეს გადაწყვეტილება, ბიზნესის სკოლის ყოფილი დეკანის, გიორგი ქადაგიძის მოსაშორებლად მიიღო. ყოფილ დეკანს, სტუდენტებმა მათი მხარდაჭერისკენ მოუწოდეს. 

ილიაუნიდან გათავისუფლებაზე, გიორგი ქადაგიძემ 31 იანვარს ისაუბრა. მან ადმინისტრაციის გადაწყვეტილება "ცვლილებების შიშს და ძირეული სიახლეების მიუღებლობას" დაუკავშირა. 

4 თებერვალს, გიორგი პაპავამ​ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გიორგი ქადაგიძის მხარდაჭერისთვის ის ილიას უნივერსიტეტის ბიზნეს-სკოლის ხარისხის მართვის უფროსის თანამდებობიდან გაათავისუფლა და ეს მას ელექტრონული ფოსტით შეატყობინეს. 

ილიაუნის აკადემიურმა საბჭომ, უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენებთან - რეორგანიზაციასთან და გიორგი ქადაგიძისა და გიორგი პაპავას განცხადებებთან დაკავშირებით, ვრცელი განცხადება გაავრცელა, სადაც დეტალურად არის საუბარი იმ სხდომაზე, როდესაც საბჭოს წევრებსა და გიორგი ქადაგიძეს შორის ზოგიერთ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა იყო. 

 

კომენტარები