მცოცავი ოკუპაცია

რუსი ოკუპანტები სოფელ ხურვალეთთან კოშკურის მშენებლობას აგრძელებენ

რადიო თავისუფლება/გოგა აფციაური

გორის სოფელ ხურვალეთთან რუსი ოკუპანტები მავთულხლართების გაბმას აგრძელებენ. მათ აქ სათვალთვალო კოშკურაც დადგეს. 

რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ცნობთ, კოშკურის მშენებლობა ხურვალეთსა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქცეულ სოფელ ძუკაანთკარს შორის არსებულ გზაზე საოკუპაციო ძალების ექვსმა ნიღბიანმა წარმომადგენელმა 6 თებერვალს დაიწყო.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის თქმით:

"საოკუპაციო რეჟიმი მოსახლეობას, ისედაც 80 %-ით დაცარიელებულ ცხინვალის რეგიონში, ფაქტობრივად, სასუნთქ გზას უკეტავს. ახლა ე.წ. საგუშაგოებს ამონტაჟებს, რათა ზეწოლა გააძლიეროს და კიდევ უფრო კარგად დააკვირდეს რამდენი ოსი მოსახლე ცდილობს გადმოლახოს საოკუპაციო ხაზი და გადმოვიდეს კონტროლირებად ტერიტორიაზე. „სპუტნიკი“ აცხადებს, რომ მიმდინარე წელს უკვე 40-ზე მეტი ადამიანი დააკავეს და ბუნებრივია, მათი 90 % ისეთია, ვინც ცხინვალის რეგიონიდან კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას ცდილობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საჭიროებებისათვის. ამაზე მეტი ცინიზმის წარმოდგენა ფაქტობრივად შეუძლებელია", - თქვა ციხელაშვილმა.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო ქაცარავა მიმდინარე მოვლენებს "რუსეთის მხრიდან ზეწოლის და ხელოვნური ბარიერების გაძლიერებას უწოდებს". 

"ზეწოლის და ხელოვნური ბარიერების გაძლიერებაა ის, რაც ხდება ხურვალეთში. ის დესტრუქციული და აგრესიული ქმედებები, რაც წლების მანძილზე გრძელდება, ამ ყველაფრით მხოლოდ ადამიანები ზარალდებიან. ცხადია, ჩვენ საერთაშორისო საზოგადოება და პარტნიორები ამასთან დაკავშირებით არიან ინფორმირებულები, რადგან უსაფრთხოების კუთხით ის გამოწვევა, რის წინაშეც ჩვენ ვდგავართ, არ არის მხოლოდ ჩვენი პრობლემა. ამას ჩვენ მარტო ვერ გავუმკლავდებით. ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ საერთაშორისო საზოგადოება არის ინფორმირებული. მათი მხარდაჭერა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის მიმართ არის მტკიცე", - თქვა ქაცარავამ. 

სოფელ ხურვალეთთან სათვალთვალო კოშკურის მშენებლობა იქნება ერგნეთის შეხვედრაზე ხვალ, 8 თებერვალს განხილვის თემა. 

კომენტარები