განათლება

ბატიაშვილი: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მომავალი წლიდან უფასო ფაკულტეტები აღარ იყოს

პარლამენტი

განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა პარლამენტში განაცხადა, რომ უნივერსიტეტის დაფინანსების მოდელი შეიცვლება. მისი თქმით, მომავალი წლიდან უფასო ფაკულტეტები აღარ იქნება.

"უნდა ვთქვათ, რომ უფასო დაფინანსების მოდელი არაფრის მომცემი არ არის, არანაირ შედეგზე არ არის ორიენტირებული. ერთერთი მთავარი, რაც კეთდება ამ კუთხით, ეს არის ჩართულობა, მსოფლიო ბანკის ექსპერტებთან ერთად ვმუშაობთ, ხედვა გვაქვს შემუშავებული, რომელმაც უნდა მოგვცეს ის მიმართულებები, რისკენ მოვახდინოთ წახალისება, ეს იქნება მეცნიერების კომპონენტი, პროგრამების ინტერნაციონალიზაციის კომპონენტი.

პირდაპირ რაც შეგვიძლია ვთქვათ, მომავალ წელს გავაკეთებთ ყველაფერს, რომ უფასო ფაკულტეტები აღარ იყოს და პირდაპირ გადავიდეთ ახალ მოდელზე. ვაუჩერული სისტემა რჩება, რომელიც სტუდენტს მიყვება, მეორე მოდელი - რესურსი, რომელიც მიედინებოდა უნივერსიტეტებში უფასო ფაკულტეტების მიმართულებით, გადანაწილდება იმ შეფასებით მაჩვენებელზე, რომელიც ჩამოყალიბდება, რის მიხედვით მოხდეს უნივერსიტეტების სტიმულირება, ეს მართლაც გამოსასწორებელი და პრობლემაა"- თქვა ბატიაშვილმა.

განათლების მინისტრის თქმით, დაახლოებით თვენახევრის განმავლობაში, მსოფლიო ბანკთან ერთად დაასრულებენ ამ საკითხზე მუშაობას, მისივე თქმით, მიმდინარეობს კონსულტაციები, მათ შორის, რექტორებთან. 

"ახალი მოდელი საუნივერსიტეტო სისტემისთვის იქნება უფრო მასტიმულირებელი" - ამბობს ბატიაშვილი.

საქართველოში სახელმწიფო უნივერსიტეტების 21 სპეციალობას სახელმწიფო 2014 წლიდან აფინანსებს. ყველა სტუდენტი, ვინც განათლების სამინისტროს მიერ პრიორიტეტულად განსაზღვრულ ფაკულტეტებზე ჩააბარებს, 100%-იან დაფინანსებას იღებს. უფასო სპეციალობებია  - აგრონომია, ვეტერინარია, მეცხოველეობა, სასურსათო ტექნოლოგია, სატყეო საქმე, განათლების მეცნიერებები, მასწავლებლის განათლება, საინჟინრო ფიზიკა, ენერგეტიკა და ელექტროინჟინერია, მშენებლობა, აგროინჟინერია, მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებანი, გამოყენებითი ბიომეცნიერებები, ეკონომიკა, ისტორია, ფილოლოგია, ფილოსოფია, არქიტექტურა და არქეოლოგია. 

კომენტარები