დაპირისპირება ქართულ ოცნებაში

გოგიჩაიშვილი: გვრიტიშვილის მორალით სახელმწიფო არ შენდება!

ტაბულა

უმრავლესობის დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი ირაკლი კობახიძის ტვ პირველის ეთერში გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, რომ ბესელია და მისი მომხრეები ნებსით თუ უნებლიეთ მონაწილეობენ იმ პოლიტიკურ ბრძოლაში, რომელსაც "ავანგარდში უდგას ნაციონალური მოძრაობა".

გოგიჩაიშვილის თქმით, ეს ეთერი არ წაადგა პარტიას და გუნდს.

"ნეტა არ გყოლოდათ კობახიძე ეთერში, ძალიან მძიმე ეთერი იყო. ეს იყო მძიმე არამარტო ჩემთვის."- ამბობს გოგიჩაიშვილი.

გადაცემა "რეაქციის" წამყვანის, ინგა გრიგოლიას კითხვას იმაზე, იყო თუ არა პარლამენტის თავმჯდომარესთან მძიმე საუბარი გუშინ, უმრავლესობის სხდომაზე, გოგიჩაიშვილმა თქვა, რომ კობახიძის სიტყვები ყველაფერს ანგრევს. 

"როგორ კითხვას სვამთ იცით? მაგ კითხვას პასუხიც არ სჭირდება როგორ წარმოგიდგენიათ ამ ყველაფერს ტაშით შევხვდით და გაგვიხარდა ძალიან?! ეს წარმოუდგენელი სიტყვებია. ეს ანგრევს ყველაფერს, რის გამოც ღირს რაღაცისთვის ბრძოლა. ანუ ყველაფერს ხაზს უსვამ. მორალს აქრობ. ყველა ზღვარს შლი და რა გრჩება ბოლოს? გრჩება გვრიტიშვილის მორალი, რომლითაც სახელმწიფოები არ შენდება",- აღნიშნა მან. 

კითხვაზე, პარტიის თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის პოზიცია როგორი იყო, დეპუტატმა პასუხზე თავი შეიკავა.

"როდესაც არ არის სხვისი პოზიცია ღია სივრცეში გაჟღერებული, თავს შევიკავებ სხვა ადამიანების მაგივრად პასუხი გაგცეთ. სადაც კი მეძლევა საშუალება, რომ ორი ადამიანი დავარწმუნო რა არის სწორი და რა არასწორი მე ამ შესაძლებლობას ვიყენებ",- ამბობს გოგიჩაიშვილი.

დღეს, საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილმა რაიონულ და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეების უვადოდ გამწესება 2024 წლის 31 დეკემბრამდე, ანუ 2025 წლამდე გადადება მოითხოვა. შესაბამისი განცხადება დღეს მათ პარლამენტში გააკეთეს.

ცნობისთვის, "ქართულ ოცნებაში" ბოლო პერიოდში არსებული დაპირისპირების შემდეგ, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე და ლევან გოგიჩაიშვილი უმრავლესობას დატოვებდნენ. გუშინ, 6 თებერვალს გამართული უმრავლესობის სხდომის შემდეგ ეკა ბესელიამ თქვა, რომ საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად რამდენიმე დღეს აიღებს, გედევან ფოფხაძე კი 5 თებერვალსაც არ გამორიცხავდა წასვლას და ამბობდა, რომ "აქ საუბარია არა უმრავლესობის დატოვებაზე, არამედ იმაზე, ვინ ვის დაასწრებს". ლევან გოგიჩაიშვილმა კი თქვა, რომ კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული აქვს, მაგრამ მაშინ გაახმოვანებს, როცა ამას საჭიროდ ჩათვლის

ქართულ ოცნებაში მომხდარი დაპირისპირების მიზეზი, უზენაეს სასამართლოში უვადოდ გასამწესებელი მოსამართლეების სია გახდა. სიის წარდგენის შემდეგ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგა ეკა ბესელია და თქვა, რომ მისი ამ გადაწყვეტილებით სიის განხილვის პროცესი შეაჩერა. 

ბესელიას შემდეგ კომიტეტის თავმჯდომარედ გედევან ფოფხაძე დანიშნეს, თუმცა, რამდენიმე დღეში ქართულმა ოცნებამ ფოფხაძის კანდიდატურა გაიწვია და მიზეზად რეგლამენტის დარღვევა დაასახელა. გუშინ, 5 თებერვალს კი ამ პოსტზე პარლამენტმა უმრავლესობით ანრი ოხანაშვილი აირჩია. მოწინააღმდეგე მხარე ლევან გოგიჩაიშვილის კანდიდატურას განიხილავდა.

აღსანიშნავია, რომ 12 იანვარს, მას შემდეგ, რაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს შეხვდა, პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, რომ სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფი მოსამართლეთა შესარჩევად პროცედურისა და კრიტერიუმებს შეიმუშავებს. სწორედ ამ კრიტერიუმების საფუძველზე განახლდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატების სია.

21 იანვარს კი წარდგენილმა 10-ვე მოსამართლემ კონკურსში მონაწილეობაზე უარი თქვა და კანდიდატურა მოხსნა, "არაჯანსაღი სპეკულაციების თავიდან აცილების მიზნით". 

ბიძინა ივანიშვილმა, ასევე ირაკლი კობახიძემ და ქართული ოცნების სხვა წევრებმა კი "ამბოხებული დეპუტატები" გუნდურობის პრინციპის დარღვევაში დაადანაშაულეს, ვინაიდან მათ პარტიის შიგნით არსებული აზრთა სხვადასხვაობა "გარეთ გამოიტანეს".

აღსანიშნავია ისიც, რომ 5 თებერვალს ირაკლი კობახიძემ ტვ პირველის ეთერში მოსამართლეებზე საუბრისას თქვა, რომ "ადამიანები, რომლებიც მასობრივად ჩადიოდნენ ცუდ რაღაცებს, ახლა ჩადიან კარგ რაღაცებს, ამაშია საქმე"

კომენტარები