ჭიდაობის ფედერაცია

დათუნაშვილი: გეგეშიძეს შერიგება არ უნდა, მას უნდა, რომ მე გავჩუმდე და მან სკამი შეინარჩუნოს

1tv.ge

მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი ამბობს, რომ არ იცის, მივა თუ არა ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდიუმის შეხვედრაზე. დათუნაშვილის თქმით, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ის პრეზიდიუმის სიას გაეცნობა. 

მოჭიდავე ამბობს, რომ პრეზიდიუმში მყოფი ადამიანების 80%-ს "რასაც ეტყვიან, იმას გააკეთებენ", მათ არ ენდობა და რომ ისინი მის სიმართლეს დაკარგავენ. 

"მე გავეცნობი პრეზიდიუმს, ვინ და ვინ იქნება გავარკვევ და ამის შემდეგ გადავწყვეტ, მივალ ამ პრეზიდიუმთან, თუ არა. დღესდღეობით პრეზიდიუმში მყოფი ხალხის 80% ისეთი ხალხია, რომელსაც რასაც ეტყვიან, იმას გააკეთებენ. მე ამ პრეზიდიუმს დღესდღეობით არ ვენდობი და ვიცი, რომ ჩემს სიმართლეს დაკარგავენ," - ამბობს დათუნაშვილი პრესკონფერენციაზე. 

ჟურნალისტებმა დათუნაშვილს ჰკითხეს, იგეგმება თუ არა მისი დისკვალიფიკაციის საკითხი იმ შემთხვევაში, თუ ის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტს, გეგა გეგეშიძეს, არ შეურიგდება. 

"თუ ისე წავა, რომ მე შევურიგდები [გეგა გეგეშიძეს], დისკვალიფიკაციას არ მომცემენ და გეგას დააჯარიმებენ რაღაც ფულადი თანხით, რომელსაც მოჭიდავეების ფულით გადაიხდის და ასე მორჩება. მე ასე წარმომიდგენია. 

ამ ადამიანს შერიგება არ უნდა, ამ ადამიანს უნდა, უბრალოდ, რომ მე გავჩუმდე, გამაჩუმონ ამ შერიგებით და თვითონ შეინარჩუნოს სკამი. შერიგებას პიროვნულად არ ვამბობ. თუ პიროვნულად შერიგება უნდოდა, თავიდანვე იტყოდა. თავიდან იძახდა, რომ ხელი არ მომიქნევია მეო. შემდეგ ახლა ეს აღიარა და ასე ნელნელა აღიარებს ყველაფერს. ვნახოთ, ახლა შეიძლება, ისიც აღიაროს, რომ რკინა ეკავა ხელში და ის ჩამარტყა," - ამბობს დათუნაშვილი. 

კითხვაზე, იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდიუმზე მისვლას გადაწყვეტს, რა საკითხს დააყენებს, დათუნაშვილი პასუხობს, რომ მისი მთავარი მოთხოვნა მოძალადე გეგეშიძის დასჯაა. ის ამბობს, რომ მას არ ესმის, რა უნდა განიხილოს პრეზიდიუმმა მის შესახებ. 

"ჩემი რა საკითხი უნდა განიხილონ ამ პრეზიდიუმზე, არ ვიცი. თავში ჩამარტყეს და კიდევ მე უნდა გამიკეთონ დისკვალიფიკაცია?" - ამბობს დათუნაშვილი. 

მოჭიდავეს ჟურნალისტებმა სამინისტროს პოზიცია გააცნეს, რომლის მიხედვითაც, დათუნაშვილს ჭიდაობის ფედერაციიდან მარტივად წასვლის უფლება არ აქვს, რადგანაც სახელმწიფოს მასში ფულადი რესურსი აქვს დახარჯული. ამაზე დათუნაშვილი პასუხობს, რომ არც მისთვის არის მარტივი ფედერაციიდან წასვლა. 

"არც ჩემთვის არ არის მარტივი, რომ ავდგე და წავიდე. უბრალოდ, თუ არ მაძლევს ფედერაცია წასვლის საშუალებას, მაშინ ისეთი პირობები უნდა შემიქმნას, რომ ჩემი მაქსიმუმი დავხარჯო ამ ფედერაციაში. უბრალოდ, ფედერაცია არ მაძლევს ამის საშუალებას,"- ამბობს ზურა დათუნაშვილი. 

მოჭიდავეს მიაჩნია, რომ გეგეშიძის სინანული ფორმალობაა. ამასთან, ის ყვება, რომ სპორტის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეს, მიხეილ ყაველაშვილს, შეხვდა, რომელიც მას სიტუაციის გაკონტროლებას დაპირდა, თუმცა დათუნაშვილს ამის არ სჯერა. 

"ეს სინანული არის ფორმალობა. არაფერი არ შეიცვლება ამის მერე. ისევ ისე გაგრძელდება ყველაფერი. აქამდეც მქონდა მე პრობლემა, დაველაპარაკე ამ ხალხს და არაფერი შეცვლილა. ვერავინ ვერ გააკონტროლებს. მიხეილ ყაველაშვილს ველაპარაკე და მითხრა, რომ გავაკონტროლებო და შიგნით ისეთი რაღაცები ხდება, რომ ვერავინ ვერ გააკონტროლებს," - ამბობს დათუნაშვილი. 

ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატის ფინალის დღეს სპორტის სასახლეში დაპირისპირებისას მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე ფიზიკურად გაუსწორდა. თვითმხილველის მიერ ტელეფონით გადაღებულ ვიდეოში ჩანს, რომ გეგა გეგეშიძეს ხელში გარკვეული საგანი უჭირავს, რომელსაც მოჭიდავის მიმართულებით იქნევს, შემდეგ კი მუშტს ურტყამს. თავად გეგა გეგეშიძე დარტყმის ფაქტს უარყოფს და დაპირისპირების ფაქტს "უფრო შეხლა-შემოხლას" უწოდებს. მას სასამართლომ აღკვეთოს ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა და ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზეც დატოვა.

სპორტის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარესთან, მიხეილ ყაველაშვილთან, შეხვედრის შემდეგ, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა, გეგა გეგეშიძემ, თქვა, რომ საკუთარ საქციელს ნანობს და დათუნაშვილთან შერიგება სურს. 
 

კომენტარები