სექსუალური შევიწროება

კოსტა-რიკის ყოფილ პრეზიდენტს და ნობელის ლაურიატს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ

ოსკარ არიასი
Getty Images

კოსტა-რიკის ყოფილ პრეზიდენტს და მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის მფლობელს, ოსკარ არიასს ორი ქალი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს.

The New York Times-ის მიხედვით ერთ-ერთი ქალი ალექსანდრა ვონ ჰეროლდია, ფსიქიატრი და ბირთვული განიარაღების აქტივისტი. ის ბირთვული განიარაღების საერთაშორისო კამპანიაში მუშაობდა, რომელსაც არიასი უჭერდა მხარს. The New York Times-თან საუბარში მან თქვა, რომ ამაზე ხმამაღლა საუბრის გამბედაობა სხვა ქალების საქციელმა მისცა, რომლებიც გავლენიანი მამაკაცების დანაშაულების წინააღმდეგ ხმის ამაღლებას არ შეუშინდნენ.

მეორე ქალი კი ემა დალია, ყოფილი ჟურნალისტი და ამჟამად Human Rights Watch-ის კომუნიკაციების დირექტორი. მან CNN-ს უთხრა, რომ 1990 წელს არიასი მას ნიკარაგუაში ავიწროებდა, სადაც პრეზიდენტ ვიოლეტა ჩამოროს ინაუგურაციას აშუქებდა.

არიასი ბრალდებებს უარყოფს.

ოსკარ არიასი კოსტა-რიკის პრეზიდენტის პოსტს 1986-90 და 2006-2010 წლებში იკავებდა. 1987 წელს ის ცენტრალური ამერიკის პირველი წარმომადგენელი გახდა, რომელმაც მშვიდობის დარგში ნობელის პრემია მიიღო. ნობელი მას რეგიონში მშვიდობის დასამყარებლად გაწეული საქმისათვის მისცეს. არიასმა ამ თანხით მშვიდობისა და პროგრესის ფონდი დააარსა, რომელიც იარაღზე კონტროლის გაზრდისა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე მუშაობს.

კომენტარები