აშშ

ყოფილი დემოკრატი კონგრესმენი ჯონ დინგელი, რომელიც პოსტს 59 წელი იკავებდა, გარდაიცვალა

Reuters

მიჩიგანის შტატის ყოფილი დემოკრატი კონგრესმენი ჯონ დინგელი 92 წლის ასაკში გარდაიცვალა.

დინგელი კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში 1955 წელს აირჩიეს და 2015 წლამდე, ჯამში 59 წელი და 22 დღე მსახურობდა. მან 11 პრეზიდენტის დროს იმსახურა და 28,500-ზე მეტ კენჭისყრაში მიიღო მონაწილეობა.

2014 წელს მას არჩევნებში კენჭი აღარ უყრია. მის პოსტზე მისი მეუღლე აირჩიეს. დები დინგელი თანამდებობას ამ დრომდე იკავებს. ჯონ დინგელამდე კონგრესში მისი მამა, ჯონ დინგელ უფროსიც მოღვაწეობდა. შესაბამისად დინგელების ოჯახი კონგრესს ჯამში 86 წელია ემსახურება.

ის 58 წლის განმავლობაში ენერგეტიკის და ვაჭრობის კომიტეტის წევრი იყო, აქედან 15 წელი კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს იკავებდა. ის ყურადღებას გარემოს დაცვის ინიციატივებზე ამახვილებდა, მათ შორის სუფთა წყლის, სუფთა ჰაერის, გადაშენების პირას მყოფი ჯიშების დაცვის და ჯანდაცვის საკითხებზე. დინგელი სენატის გაუქმებას და კონგრესის ორი პალატის გაერთიანებას უჭერდა მხარს.

უკანასკნელ პერიოდში დინგელი ტვიტერზე აქტიურობდა და დონალდ ტრამპს აკრიტიკებდა.

კომენტარები