კაპანაძე: ინსპექტირებაზე ბრძანების გაცემიდან ზუსტად ერთ წუთში დაიწერა მივლინების ბრძანება

საქართველოს პარლამენტი

სერგი კაპანაძის თქმით, ზუგდიდის მე-6 სკოლის ინსპექტირებაზე ბრძანების გამოცემიდან, ზუსტად ერთ წუთში დაიწერა იმ თანამშრომლების მივლინების ბრძანება, რომლებსაც სკოლა უნდა შეემოწმებინათ. სერგი კაპანაძემ დღეს კიდევ ერთხელ მიმართა განათლების მინისტრს სესიაზე და აღნიშნა, რომ მინისტრმა გუშინ ია კერზაიას საქმეზე კითხვების გაცემისას, რამდენჯერმე თქვა ტყუილი.

"თქვენ თქვით, რომ რეგულარული პრაქტიკა არის მსგავს წერილებზე სწრაფი რეაგირება, ყველამ ვნახეთ როგორი მყისიერი რეაგირება იყო ამ სამარცხვინო ანონიმურ წერილზე. 14:30 საათიდან 6-7 ადამიანი მოიარა ამ წერილმა თქვენი ჩათვლით და თქვენ მიერ ბრძანება გამოიცა ინსპექტირებაზე 18:00 წუთზე, სამუშაო დღე რომ დამთავრდა, მივლინების ბრძანება გაიცა 18:01 საათზე, ანუ თქვენ რომ ბრძანება გაეცით ინსპექტირებაზე, ერთ წუთში დაიწერა ამ ადამიანების მივლინებაში წასვლის ბრძანება. ან როგორ აკრიბეს ასე სწრაფად, ან როგორ წაიკითხეს, ან თითის დაჭერა როგორ მოასწრო. ეს ხო გამორიცხულია თუ დაორგანიზებული არ არის. გუშინ თქვით, ღამის ოთხ საათზე წასვლა არ ყოფილაო, ეს არითმეტიკის ამბავია, 10 საათზე რომ მოხვდე თბილისიდან ზუგდიდში, რომელ საათზე უნდა წახვიდეთ აქედან, ტელეპორტაციის აპარატი არ გაქვთ, არც ვერტმფრენით დაფრინავს ინსპექტირების სამსახური. წავიდა მანქანით და 10-ზე იქ იყო და გავიდა 5-ზე ან 6-ზე ნოემბერში, უკუნ ღამეში, რომ დილამდე ჩაესწრო და ეგზეკუცია ჩაეტარებინა," - ამბობს კაპანაძე.

რაც შეეხება სამინისტროში გაგზავნილ ანონიმურ წერილს, კაპანაძე ამბობს, რომ სამინისტროში ჰქონდათ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ლავრენტი ქირია არ არსებობს, რადგან მისთვის მიწერილი საპასუხო წერილი სამინისტროს უკან დაუბრუნდა. კაპანაძე ამბობს, რომ მან თავადაც გააგზავნა მითითებულ მისამართზე წერილი და უკან დაუბრინდა, რადგან მისამართი არ არსებობს. 

"თქვენ არ გაგვეცით პასუხი ვინ იყო ქირია. მე შემიძლია დავუშვა რომ ნამდვილად არ იცოდით არსებობდა თუ არა და მისამართი და ეს ადამიანი. 18 დეკემბერს ამ ადამიანს წერილი მისწერეთ უპასუხეთ, არარსებულ მისამართზე გაუგზავნეთ წერილი და ანგარიში ჩააბარეთ, რომ სკოლას მიეცა გაფრთხილება, ამ წერილზე ხო მოგივიდათ პასუხი რომ არ არსებობს მისამართი? იცი რატომ ვიცი რომ ეს პასუხი მოგივიდათ? მეც გავგზავნე მაგ მისამართზე წერილი მაინტერესებდა რა ბედი ეწეოდა არარსებულ მისამართზე ფოსტით გაგზავნილ პასუხს და მოვიდა პასუხი ჩემთან, რომ მისამართი არ არსებობს და დამიბრუნდა უკან. თქვენ უწყებაში ძაან კარგად იცოდნენ რომ ქირია არ არსებობს. თქვენ გაჩუმება ამჯობინეთ აქაც და მანამდეც სანამ მედიამ არ გაახმაურა ეს." - ამბობს კაპანაძე.

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი ია კერზაია, რომელიც წინასაარჩევნო ზეწოლაზე საუბრობდა, 2 დეკემბერს, ინსულტის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. ია კერზაიას ჯანმრთელობის გაუარესებას წინ განათლების სამინისტროს ინსპექტირების ჯგუფის მიერ სკოლის შემოწმება უძღოდა. ინსპექცია სკოლაში 9 ნოემბერს შევიდა. განათლების სამინისტროს მტკიცებით, შესწავლა მოქალაქის განცხადების საფუძველზე დაიწყეს და "სხვადასხვა მძიმე სახის დარღვევა" გამოავლინეს, მათ შორის ადმინისტრაციულ და ფინანსურ საქმიანობაში, ასევე სანიტარულ-ჰიგიენური კუთხით. უწყება ხაზს უსვამდა, რომ კერზაია სკოლის დირექტორის თანამდებობაზე კვლავ რჩებოდა.

თუმცა სკოლის დირექტორის შვილი, ადვოკატი ბაჩანა შენგელია ამბობს, რომ ეს განათლების სამინისტროში დაგეგმილი და განხორციელებული მკვლელობაა. მისი თქმით, სკოლაში ინსპექციის შესვლამდე დედამისს ქართული ოცნების სასარგებლოდ მუშაობა მრავალჯერ შესთავაზეს, უარის შემდეგ კი სკოლიდან გათავისუფლებით დაემუქრნენ. ბაჩანა შენგელია დედამისის ჯანმრთელობის გაუარესებას სკოლის ამბებზე ნერვიულობას უკავშირებდა.

24 დეკემბერს, ბაჩანა შენგელიამ ის ანონიმური წერილი გამოაქვეყნა, რომლის საფუძველზეც სკოლაში ინსპექტორი შევიდა. აღნიშნულ საქმეზე შენგელია მთავარ პროკურატურაში 25 დეკემბერს გამოკითხეს. დღეს განათლების მინისტრი ამბობს, რომ არ იცის, ვინ არის ია კერზაიას საქმეზე განათლების სამინისტროში შესული წერილის ავტორი. ბატიაშვილის თქმით, მათი ვალდებულებაა წერილში ასახული ფაქტების გადამოწმება და არა წერილის ნამდვილი ავტორის დადგენა.

კომენტარები