ბატიაშვილი: მადლობა "ოცნებას", რომ აღარ ვცხოვრობ 9 წლის წინ, ოპოზიციის ბრალდებები აბსურდია

განათლების მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი ია კერზაიას საქმეზე ოპოზიციის ბრალდებებს "აბსოლუტურ აბსურდს" და "აბსოლუტურ ტყუილს" უწოდებს. მისი თქმით, სერგი კაპანაძემ პარლამენტს "დამონტაჟებული, 4-5 წამიანი ვიდეო" აჩვენა.

"მოგიწოდებთ, თუ გყოფნით იმის უნარი, რომ ასეთი მასალა გაუშვით, გაუშვით ბოლომდე. ერთი რაც შემიძლია ვთქვა, ეს ყველაფერი გავლილია. დღენახევარი, რასაც აქ ვუყურებ, მაქვს აბსოლუტური "დეჟავუს" შეგრძნება, რომ ეს ყველაფერი, შეურაცხყოფა, ტყუილი, მონტაჟი და ამ მონტაჟზე აგებული ცილისწამება, რასაც აქ ვუსმენ, მაქვს აბსოლუტური "დეჟავუ", რომ მე ვცხოვრობ ცხრა წლის წინ.

მაგრამ ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა, დიდი მადლობა გადავუხადო ქართულ ოცნებას, რომ მე აქედან რომ გავალ, მე აღარ ვცხოვრობ ცხრა წლის წინ, მე ვცხოვრობ სრულიად ახალ ქვეყანაში, სადაც ასეთ ადამიანებსაც აქვთ აზრის გამოთქმის უფლება და არამატო უფლება - ამ ტყუილებს, რასაც დღენახევარია ვუსმენ, ისე შეგვიძლია ერთად ვუსმინოთ, როგორც შეგვეფერება - ღირსეული პასუხები და მხოლოდ ღირსეული პასუხები" - ამბობს მინისტრი.

ცნობისთვის, ია კერზაიას საქმეზე შესული ანონიმური წერილის მსგავსი წერილი, განათლების სამინისტროში არ ჩაიბარეს. ევროპული საქართველოს მიერ ჩატარებული ექსპერიმენტის ამსახველი ვიდეო დღეს სესიაზე მინისტრს სერგი კაპანაძემ უჩვენა.

როგორც ვიდეოში ჩანს, პირს სამინისტროში მიაქვს წერილი, ზუსტად მსგავსი მონაცემებით, რაც კერზაიას საქმეზე ლავრენტი ქირიას წერილი იყო. სამინისტროში პასუხობენ, რომ წერილს თუ სახელი და გვარი აწერია, პირადი ნომერიც უნდა ჰქონდეს, ანონიმურობის შემთხვევაში კი სახელი და გვარი არ უნდა ეწეროს. სერგი კაპანაძის თქმით, მინისტრი იტყუება, როცა ამბობს, რომ ანონიმურ წერილებზე რეაგირების მოხდენის ვალდებულება აქვთ. როგორც ექსპერიმენტიდან იკვევა, ქირიას წერილის მსგავს წერილებს სამინისტრო არ იბარებს. 

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი ია კერზაია, რომელიც წინასაარჩევნო ზეწოლაზე საუბრობდა, 2 დეკემბერს, ინსულტის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. ია კერზაიას ჯანმრთელობის გაუარესებას წინ განათლების სამინისტროს ინსპექტირების ჯგუფის მიერ სკოლის შემოწმება უძღოდა. ინსპექცია სკოლაში 9 ნოემბერს შევიდა. განათლების სამინისტროს მტკიცებით, შესწავლა მოქალაქის განცხადების საფუძველზე დაიწყეს და "სხვადასხვა მძიმე სახის დარღვევა" გამოავლინეს, მათ შორის ადმინისტრაციულ და ფინანსურ საქმიანობაში, ასევე სანიტარულ-ჰიგიენური კუთხით. უწყება ხაზს უსვამდა, რომ კერზაია სკოლის დირექტორის თანამდებობაზე კვლავ რჩებოდა.

თუმცა სკოლის დირექტორის შვილი, ადვოკატი ბაჩანა შენგელია ამბობს, რომ ეს განათლების სამინისტროში დაგეგმილი და განხორციელებული მკვლელობაა. მისი თქმით, სკოლაში ინსპექციის შესვლამდე დედამისს ქართული ოცნების სასარგებლოდ მუშაობა მრავალჯერ შესთავაზეს, უარის შემდეგ კი სკოლიდან გათავისუფლებით დაემუქრნენ. ბაჩანა შენგელია დედამისის ჯანმრთელობის გაუარესებას სკოლის ამბებზე ნერვიულობას უკავშირებდა.

24 დეკემბერს, ბაჩანა შენგელიამ ის ანონიმური წერილი გამოაქვეყნა, რომლის საფუძველზეც სკოლაში ინსპექტორი შევიდა. აღნიშნულ საქმეზე შენგელია მთავარ პროკურატურაში 25 დეკემბერს გამოკითხეს. გუშინ განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა თქვა, რომ არ იცის, ვინ არის ია კერზაიას საქმეზე განათლების სამინისტროში შესული წერილის ავტორი ლავრენტი ქირია. ბატიაშვილის თქმით, მათი ვალდებულებაა წერილში ასახული ფაქტების გადამოწმება და არა წერილის ნამდვილი ავტორის დადგენა.

კომენტარები