ლევან მურუსიძე

"15-ქულიან საკითხში მურუსიძისთვის 20-ის მინიჭება მექანიკური შეცდომაა" - საბჭოს განმარტება

იმედი

იუსტიციის უმაღლესი საბჭო ეხმაურება ინფორმაციას 15-ქულიან კრიტერიუმში ლევან მურუსიძისთვის 20 ქულის მინიჭების შესახებ.

საბჭოში ამბობენ, რომ ეს მექანიკური შეცდომაა, რადგან ამავე დოკუმენტში მითითებული ქულათა ჯამი 100-ს არ აღემატება.

"იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი მოსამართლეობის კანდიდატს კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის კრიტერიუმებით აფასებს. კომპეტენტურობის კრიტერიუმის ერთ-ერთი მახასიათებელი არის ზეპირი კომუნიკაციის უნარი, სადაც კანდიდატის შეფასებისას მაქსიმალური ქულა არის 15. მოცემულ შემთხვევაში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა მოსამართლე ლევან მურუსიძე 98 ქულით შეაფასა. ზეპირი კომუნიკაციის უნარში მინიჭებული 20 ქულა არის მექანიკური შეცდომა, ვინაიდან შეფასების საბოლოო ქულათა ჯამი 100 არ აღემატება. აღნიშნული მექანიკური შეცდომა საბოლოო ქულათა ჯამზე არ ასახულა", - აღნიშნულია საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

იუსტიციის უმაღლესი საბჭო ასევე ამბობს, რომ ინფორმაცია იმის შესახებ თუ საბჭოს რომელმა წევრმა შეავსო აღნიშნული შეფასების ფურცელი კონფიდენციალურია.

"იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების მიერ შევსებული შეფასების ფურცლები და ერთიანი შემაჯამებელი ოქმი ყველა დაინტერესებულმა პირმა მოთხოვნის შესაბამისად იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან მიიღო", - აღნიშნავენ საბჭოში.

რამდენიმე საათის წინ ტაბულამ გაავრცელა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისთვის საბჭოს მიერ მიწოდებული დოკუმენტი, სადაც ჩანს, რომ უვადოდ გამწესების შესახებ გასაუბრების დროს ლევან მურუსიძეს 15-ქულიან კრიტერიუმში ერთ-ერთმა შემფასებელმა 20 ქულა დაუწერა. საბოლოო ქულად ფურცელზე მითითებულია 98, თუმცა შეჯამებისას 103 გამოდის.

ლევან მურუსიძე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ 27 დეკემბერს დაინიშნა. მას საბჭოს 11-მა წევრმა მისცა ხმა. ლევან მურუსიძე მანამდეც სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე იყო, თუმცა, არა უვადოდ დანიშნული. წარსულში ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეც იყო, ასევე - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი. მის სახელს უკავშირდება სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებულებისათვის სასჯელის შემსუბუქება.

კომენტარები