კრიმინალი

ქურდობის მცდელობისთვის 2 პირი დააკავეს, ამოღებულია ქანჩების კრებული და სანადირო თოფი

0 კომენტარი
ფოტო: შსს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქურდობისა და ქურდობის მცდელობის ბრალდებით იმერეთში წარსულში ნასამართლევი ორი პირი: 1989 წელს დაბადებული ვ. ს. და 1994 წელს დაბადებული ჩ. დ. დააკავეს.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 3 თებერვალს სამტრედიის რაიონის სოფელ იანეთში მოქალაქის საცხოვრებელი სახლის გაქურდვა სცადეს. სახლის პატრონმა მათ წინააღმდეგობა გაუწია, რის გამოც ორივე მათგანი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ვ.ს. და ჩ.დ. სამტრედიაში დააკავეს", - ამბობენ უწყებაში.

მათივე ინფორმაციით, პოლიციამ ჩ.დ.-ს და ვ.ს.-ს პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ნაქურდალი ქანჩების კრებული, მოპარული გადაჭრილი სანადირო თოფი და სხვა ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღო.

გარდა ამისა, შსს-ში ამბობენ, რომ ასევე იმერეთში, ქურდობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე სამართალდამცველებმა 1992 წელს დაბადებული ბ.შ. დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა წყალტუბოს რაიონის სოფელ მაღლაკში, ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლში ფარულად შეაღწია, სადაც სხვადასხვა სამეურნეო და საყოფაცხოვრებო ნივთებს უკანონოდ დაეუფლა. სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს", - აღნიშნავენ უწყებაში.

მათივე ინფორმაციით, გამოძიება ქურდობის და ქურდობის მცდელობის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით და 19-177-ე მუხლის მესამე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თინათინ წულაძე

კომენტარები