მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა

ჯანეზაშვილი: მოსამართლეების უვადო დანიშვნების შეჩერება ერთ-ერთი გამოსავალია

კომერსანტი

​იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი მიიჩნევს, რომ რაიონულ და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის 2024 წლის ბოლომდე შეჩერების შესახებ უმრავლესობის დეპუტატების ნაწილის ინიციატივა ერთ-ერთი გამოსავალია.

მისი თქმით, კლანი, რომლის ხელშიც არის სასამართლო, ძალაუფლების გამყარებას ახალი მოსამართლეების გამოყენებითაც შეეცდება და შესაბამისად, დეპუტატების ინიციატივა სრულიად გასაგებია.

"ბუნებრივია, ის კლანი, რომლის ხელშიც არის ძალაუფლება, დღითიდღე, უფრო და უფრო ცდილობს, რომ თავისი ძალაუფლება გაიმყაროს და თუნდაც ამ მიმართულებით მაქსიმალურად დანიშნოს ის ხალხი, რომელიც მათი ინტერესების შესაბამისად იმოქმედებს სამომავლოდ. თუნდაც, მაგალითად, მხარს დაუჭერს სამომავლოდ, რომ გახდნენ ისევ საბჭოს წევრები ამ კლანის აქტიური ადამიანები. შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ პარლამენტის წევრების ეს მოთხოვნა, რომ შეჩერდეს უვადო დანიშვნები, არის აბსოლუტურად გასაგები ჩემთვის და შექმნილ ვითარებაში, შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთი გამოსავალი, მაგრამ როგორ სამართლებრივ რეგულაციას მოძებნის, ეს უკვე პარლამენტის გადასაწყვეტია", - ამბობს ჯანეზაშვილი რუსთავი 2-თან.

დეპუტატების ინიციატივასთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიციები აქვს საბჭოს მოსამართლე წევრების ნაწილი. სერგო მეთოფიშვილი, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს უვადო მოსამართლეა, ფეისბუქზე წერს, რომ დეპუტატების ინიციატივა დისკრიმინაციული და ანტისახელმწიფოებრივია, ასევე ეწინააღმდეგება საერთაშორისო პრაქტიკას. გარდა ამისა, მოსამართლის აზრით, ბესელიას და მისი თანამოაზრეების ქცევა დემოკრატიული სახელმწიფოს კონსტიტუციაზე თავდასხმაა და მოუწოდებს მათ შეწყვიტონ თავდასხმა და მუქარა. ინიციატივას ანტიკონსტიტუციურსა და დისკრიმინაციულს უწოდებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე და ასევე უვადო მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილიც. გარდა ამისა, ის მიიჩნევს, რომ შემოთავაზებული ცვლილებები პარადოქსულიცაა და სააკაშვილის წარსულს აბრუნებენ.

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობის ათამდე დეპუტატი, მათ შორის ეკა ბესელია გამოდიან ინიციატივით რაიონულ (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეების უვადოდ გამწესება 2024 წლის 31 დეკემბრამდე, ანუ 2025 წლამდე გადაიდოს.

ამას წინ უძღოდა დაპირისპირება "ქართულ ოცნებაში", რომლის მიზეზი უზენაეს სასამართლოში უვადოდ გასამწესებელი მოსამართლეების სია გახდა. სიის წარდგენის შემდეგ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგა ეკა ბესელია და თქვა, რომ მისი ამ გადაწყვეტილებით სიის განხილვის პროცესი შეაჩერა. 

ბესელიას შემდეგ კომიტეტის თავმჯდომარედ გედევან ფოფხაძე დანიშნეს, თუმცა, რამდენიმე დღეში ქართულმა ოცნებამ ფოფხაძის კანდიდატურა გაიწვია და მიზეზად რეგლამენტის დარღვევა დაასახელა. 5 თებერვალს კი ამ პოსტზე პარლამენტმა უმრავლესობით ანრი ოხანაშვილი აირჩია. მოწინააღმდეგე მხარე ლევან გოგიჩაიშვილის კანდიდატურას განიხილავდა.

აღსანიშნავია, რომ 12 იანვარს, მას შემდეგ, რაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს შეხვდა, პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, რომ სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფი მოსამართლეთა შესარჩევად პროცედურისა და კრიტერიუმებს შეიმუშავებს. სწორედ ამ კრიტერიუმების საფუძველზე განახლდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატების სია.

21 იანვარს კი წარდგენილმა 10-ვე მოსამართლემ კონკურსში მონაწილეობაზე უარი თქვა და კანდიდატურა მოხსნა, "არაჯანსაღი სპეკულაციების თავიდან აცილების მიზნით".

კომენტარები