აშშ

კოლორადოში კაცმა პუმა, რომელიც მას თავს დაესხა, შიშველი ხელებით დაახრჩო

რამდენიმე დღის წინ ახალგაზრდა კაცი კოლორადოში, კოლინსის ციხესიმაგრესთან ახლოს ბილიკზე დარბოდა, როდესაც თავს მთის ლომი, იგივე პუმა დაესხა. 

2 მეტრამდე სიგრძის, თუმცა, ჯერაც არაზრდასრული ცხოველი კაცს სახეში შეახტა, თუმცა, მან თავის დახსნა და ლომის დახრჩობა მოახერხა.

"კაცმა ყველაფერი გააკეთა თავისი სიცოცხლის გადასარჩენად. იმ შემთხვევაში, თუ თავს ლომი დაგესხმებათ, მასთან შესაბრძოლებლად უნდა გააკეთოთ ყველაფერი, რაც თქვენს ძალებშია. ისევე, როგორც ეს კაცი მოიქცა", - თქვა მარკ ლესლიმ, კოლორადოს პარკის და ველური ბუნების ჩრდილოეთ რეგიონის მენეჯერმა. 

კაცმა მრავალი ტრავმა მიიღო. ის ჰოსპიტალში გადაიყვანეს, მაგრამ უკვე საავადმყოფოდან გაწერეს კიდეც. 

მთა, სადაც შემთხვევა მოხდა, ვიზიტორებისთვის დროებით დაკეტილია, ვინაიდან, რეინჯერების თქმით, აქ სხვა პუმებიც არიან. 

"კოლორადოში მთის ლომების თავდასხმა იშვიათია. სამწუხაროა, რომ ამ ლომის მონადირის ინსტიქტი მორბენალმა კაცმა გააღვიძა. ამას შეიძლება საერთოდ სხვა შედეგები მოჰყოლოდა". 

ბოლო 100 წლის განმავლობაში ჩრდილოეთ ამერიკაში მთის ლომის თავდასხმის შედეგად 20-მდე ადამიანი გარდაიცვალა. 

1990 წლის შემდეგ პუმებმა 3 ადამიანი მოკლეს, 16 კი დააზიანეს. როგორც რეინჯერები და პარკებისა და ველური ბუნების დამცველები ამბობენ, მთის ლომები ადამიანებს ერიდებიან. 

კოლორადოს გუბერნატორმა, ჯარედ პოლისმა ფეისბუქზე დაწერა, რომ მართალია, კაცი ლომს შიშველი ხელებით შეებრძოლა და გადარჩა, თუმცა, სხვებმა პუმებისგან თავი შორს უნდა დაიჭირონ. თუ შესაძლებელი გახდება, უკან მშვიდად დაიხიონ. 

"და არ ეხუმროთ კოლორადოელ ბილიკზე მორბენლებს", - თქვა მან მომხდარის შესახებ. 

კომენტარები