თვითმკვლელობის მცდელობა

ე.წ. მატროსოვის ციხეში პატიმარმა თავის ჩამოხრჩობა სცადა

0 კომენტარი

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, გუშინ, 9 თებერვალს, N9 დაწესებულების, ე.წ. "მატროსოვის" ციხეში თვითმკვლელობა სცადა. ის ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაშია გადაყვანილი. უწყების ინფორმაციით, ამ დროისთვის მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

"მან პოლიეთილენის პარკით საპირფარეშოს კარის სახელურზე სცადა თავის ჩამოხრჩობა. შ.შ. N9 პენიტენციურ დაწესებულებაში 2017 წლის 26 იანვარს იქნა შესახლებული და ამ დღიდან მსჯავრდებულის მიმართ, მისივე განცხადების საფუძველზე, უსაფრთხოების ღონისძიებები ხორციელდება. კერძოდ, იგი იზოლირებულად, სხვა პატიმრებისგან განცალკევებით არის განთავსებული საკანში, სადაც მის მიმართ ვიზუალური და ელექტრონული მეთვალყურეობა მიმდინარეობს. სწორედ უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს ელექტრონული საშუალებებით მეთვალყურეობისა და ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს თანამშრომლების დროული რეაგირების შედეგად მოხერხდა მსჯავრდებულის გადარჩენა. იგი სასწრაფო წესით ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. სამედიცინო დაწესებულებაში მსჯავრდებულს შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია და სათანადო გამოკვლევები ჩაუტარდა. კერძოდ, გაეწია ექიმების კონსულტაცია, გაკეთდა თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფიული გამოკვლევა, რის შედეგადაც რაიმე ცვლილება არ გამოვლენილა. ამ ეტაპისთვის შ.შ-ს სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, ჰემოდინამიკა სტაბილურია, მსჯავრდებული იმყოფება სედაციის ქვეშ", - აღნიშნულია განცხადებაში.

პენიტენციური სამსახურის ინფორმაციითვე, მომხდართან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ გამოძიება უკვე დაიწყო და ჩატარდა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები - შემთხვევის ადგილი დაათვალიერეს გამომძიებელმა და ექსპერტ-კრიმინალისტებმა, დაიკითხნენ პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლები და დაწესებულების სამედიცინო ნაწილის ის ექიმი, რომელმაც მსჯავრდებულის სამოქალაქო სექტორის კლინიკაში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღო.

უწყება აღნიშნავს, რომ პატიმარმა მიმდინარე წლის 3 იანვარს შიმშილობა გამოაცხადა და მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადახედვას, ასევე, მის უდანაშაულოდ ცნობას და მთავარი პროკურატურისა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მაშინდელი ხელმძღვანელების დასჯას ითხოვდა. პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, მსჯავრდებულმა შიმშილობა 10 იანვარს შეწყვიტა, 6 თებერვალს კი გამოაცხადა შიმშილობა და მსჯავრდებულ გიგა ფარტენაძის გარდაცვალების ფაქტზე საქართველოს პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვდა. უწყებაში ამბობენ, რომ პატიმარმა შიმშილობა 7 თებერვალს შეწყვიტა, ხოლო 9 თებერვალს, 21:59-ზე თვითმკვლელობა სცადა.

შ.შ. სასჯელს იხდის 4 წლის წინ ცემით მოკლული მსჯავრდებულის, გიგა ფარტენაძის საქმეზე. ის ერთ-ერთია მსჯავრდებული სამი ადამიანიდან. რუსთავი 2-ის ინფორმაციით, პატიმარი ამტკიცებს, რომ ფარტენაძე არ უცემია და საქმის ხელახალ გამოძიებას ითხოვს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ენძელა მაჭავარიანი

კომენტარები