აშშ

აშშ-ის კონგრესში მთავრობის ხელახალი დახურვის აცილებაზე მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა

0 კომენტარი

აშშ-ის კონგრესში დემოკრატიული და რესპუბლიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის მთავრობის ხელახალი დახურვის აცილების თაობაზე მოლაპარაკებები შეთანხმების გარეშე დასრულდა.

იმ შემთხვევაში, თუ კონგრესი 15 თებერვლამდე ბიუჯეტის კანონპროექტს არ მიიღებს, რომელსაც შემდეგ პრეზიდენტი მოაწერს ხელს, მთავრობა ხელახლა დაიხურება.

უთანხმოება პრეზიდენტ ტრამპის მიერ მექსიკის საზღვარზე კედლის ასაშენებლად მოთხოვნილ თანხას უკავშირდება. ტრამპი ამისათვის 5.7 მილიარდ აშშ დოლარს ითხოვს, თუმცა კონგრესში 1.3-დან 2 მილიარდამდე თანხის გამოყოფას განიხილავდნენ. გარდა ამისა დემოკრატიული პარტიის წევრებს სურთ იმიგრაციის ცენტრებში დაკავებულთათვის განკუთვნილი საწოლების რაოდენობა შემცირდეს და მათ ნაცვლად, ვინც ვიზით განსაზღვრულ პერიოდზე დიდხანს დარჩა, კრიმინალური წარსულის მქონე მიგრანტების დაკავებაზე კონცენტრირდნენ.

მოლაპარაკებებს დონალდ ტრამპი საკუთარ ტვიტერზე გამოეხმაურა:

"ჩემი აზრით, სასაზღვრო კომიტეტში მყოფ დემოკრატებს საკუთარი ლიდერები შეთანხმების მიღწევის უფლებას არ აძლევენ. ისინი ძალიან ცოტა ფულს გვთავაზობენ სასიცოცხლოდ აუცილებელი კედლისათვის და ახლა თითქოს არსაიდან მოინდომეს შეზღუდვა დავაწესოთ კრიმინალების დაკავებაზე!" დაწერა მან.

შეგახსენებთ, რომ ტრამპი მთავრობის დროებით გახსნას 25 იანვარს დათანხმდა, თუმცა მხოლოდ 3 კვირით. დროებითი ბიუჯეტი 15 თებერვალს იწურება. აშშ-ის მთავრობის დახურვა 35 დღეს გაგრძელდა და ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი გამოდგა. ხელახალი დახურვის შემთხვევაში სახელმწიფო უწყებების 800,000-მდე თანამშრომელი კვლავ უხელფასოდ დარჩება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თინათინ წულაძე

კომენტარები