ბარნოვი: ხუთშაბათს ისევ შევხვდები აკადემიურ საბჭოს, მანამდე ლექციებს ვაგრძელებ

ტაბულა

თბილისის სასულიერო სემინარიის ლექტორი გოჩა ბარნოვი ამბობს, რომ აკადემიურ საბჭოს მიერ მისი გათავისუფლების საკითხი კვლავ ძალაშია და საბჭო ხუთშაბათს კიდევ ერთხელ იმსჯელებს მის შესახებ. 

აკადემიური საბჭოს წევრები გოჩა ბარნოვს დღეს დაახლოებით 2 საათის განმავლობაში ესაუბრებოდნენ. საბჭო ბარნოვისგან ითხოვდა განმარტებას მის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე, სადაც ის უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარების მნიშვნელობაზე საუბრობდა. 

"ჩვენ კიდევ შევხვდებით ხუთშაბათს. ამიტომ, მე ბევრს ვერ ვილაპარაკებ, უბრალოდ, როგორც ჩანს, მათი მხრიდან გაუგებრობა გამოიწვია იმ ფრაზამ, რაც მე დავწერე IPN-თან მიცემულ ინტერვიუში, რომ არაჯანსაღ აზრზე იქნება ის, ვინც უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას მხარს არ დაუჭერს. შეიძლება, ეს იყო ცოტა მკაცრი ტონი, მაგრამ აქ არცერთი პატრიარქის შეურაცხყოფა არ არის იმიტომ, რომ პიროვნულად მე არავინ არ მყავს მოხსენიებული. არცერთ პატრიარქს, რუსეთის გარდა, გადაწყვეტილება არ აქვს მიღებული ჯერ აქედან გამომდინარე, ის ფრაზა ზოგადი ფრაზაა მათ მიმართ, ვინც ამგვარ პოზიციას გამოავლენს. ძირითადად, ამ ფრაზაზე იყო საუბარი და ის, რაც ვთქვათ, თვითონ მითხრეს, რომ თურმე, არ გავუშვივარ მე სასწავლებლიდან, როგორც მითხრეს, რომ უბრალოდ, აზრი გამოითქვა. ამ მომენტისთვის მეტს ვერაფერს ვიტყვი, რადგან ხუთშაბათს ისევ უნდა შევხვდე მათ,"- ამბობს ბარნოვი. 

შეხვედრის პარალელურად სემინარიასთან ბარნოვის მხარდამჭერი სტუდენტები იყვნენ შეკრებილები. სტუდენტი ლადო წითლიძე ტაბულასთან საუბრისას ბარნოვის შესაძლო გათავისუფლების ორ მიზეზს ასახელებს. 

"პირველ რიგში მოვედით იმისათვის, რომ მხარდაჭერა გამოვუცხადოთ ბატონ გოჩა ბარნოვს. როგორც თვითონ ასახელებს და ასე ვფიქრობთ ჩვენც, რომ ის სემინარიის დატოვების საფრთხის წინაშე ორი მიზეზის გამო დადგა. პირველი არის უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიისადმი მისი მხარდაჭერა და მეორე არის, როგორც თავადვე ასახელებს, მის მიერ დასავლეთში გაშვებული სტუდენტები, რომლისაც როგორც ჩანს, ძალიან ეშინია საპატრიარქოს და ამ სასწავლებლის ადმინისტრაციას,"- ამბობს წითლიძე. 

კითხვაზე, იმ შემთხვევაში, თუკი აკადემიური საბჭო გოჩა ბარნოვის სასწავლებლიდან გარიცხვის გადაწყვეტილებას მიიღებს, გაიმართება თუ არა პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის გადაყენების მოთხოვნით აქციები, წითლიძე ამბობს, რომ ზვიადაძის გადაყენებას ისინი დიდი ხანია ითხოვენ და ეს მოთხოვნა უცვლელია, ხოლო მიიღებს თუ არა მოთხოვნა უფრო რადიკალურ ფორმებს, ამას ბარნოვთან ერთად გადაწყვეტენ. 

სასულიერო სემინარიის ლექტორმა, გოჩა ბარნოვმა, ხუთშაბათს, 7 თებერვალს Facebook-ზე დაწერა, რომ ის სასწავლებლიდან გაათავისუფლეს და მას მიზეზად "პატრიარქის მტრობას" უსახელებდნენ. მეორე დღეს, 8 თებერვალს აკადემიურმა საბჭომ განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც აცხადებდნენ, რომ ბარნოვის გათავისუფლების საკითხი მის მიერ სააგენტო IPN-თან გაკეთებული განცხადებები გახდა, რომელშიც ბარნოვი უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე და პრორუსულ განწყობებზე საუბრობდა. საბჭო წერდა, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას ორშაბათს, ბარნოვთან გასაუბრების მერე მიიღებდნენ. 



 

კომენტარები