ბლოგი

გეგმა, გეგმა და არცერთი ნაბიჯი გეგმის გარეშე

მოსამართლეს 15-ქულიან კრიტერიუმში 20 ქულა დაუწერეს. ვიღაცას კომედიური ფილმის სცენარის დაწერა რომ ნდომოდა, უკეთეს სიუჟეტს ვერც მოიფიქრებდა. პრობლემები რომ ბევრია, ეს ერთი საკითხია, მაგრამ ასეთი "შეცდომები" სულ სხვა ტიპის ქაოსის ნიშანია და ჩვენც, ამ სახელმწიფოს მოქალაქეები, მზად უნდა ვიყოთ ასეთი გამოწვევებისთვის.

მოდი, წარმოვიდგინოთ, რომ უკვე გვყავს უვადოდ დანიშნული მოსამართლეები. რას მოველით მათგან? სკეპტიკოსები იტყვიან, რომ მათი უმრავლესობისთვის დიდი პრობლემა იქნება:

  • ერთმანეთისგან განასხვავოს კონსტიტუცია და კანონი. გადაწყვეტილებებს კვლავაც მიიღებენ მხოლოდ კანონების საფუძველზე და იმ შემთხვევაშიც კი, თუ კანონი კონსტიტუციით დაცული ღირებულებების მიღმა არსებობს, ის იქნება მთავარი, ხოლო კონსტიტუციური პრინციპები მეორე პლანზე გადავა;
  • "მდიდრები" უფრო "მართლები" იქნებიან, ვიდრე "ღარიბები". ქონებრივ დავებში უპირატესობა მიენიჭება „ქრთამს“ და გაიმარჯვებს ის, ვინც მეტს გადაიხდის. ამის ნიშნებს სკეპტიკოსები უკვე ხედავენ და შიშობენ, რომ კორუფცია სისტემაში დაბრუნდება;
  • სახელმწიფო ყოველთვის მართალი იქნება და პრინციპში ეს ახლაც ასეა, შესაბამისად, მომავალში არაფერი გაუმჯობესდება.

სკეპტიკოსებისთვის სისტემა ვერ შედგა და მას მნიშვნელოვანი გადახალისება სჭირდება. მათთვის არსებული მექანიზმები არ არის საკმარისი "უღირსი" მოსამართლის სისტემისგან ჩამოსაშორებლად. პესიმისტების პოზიცია ასეთია: სამართლიანობის კულტურა იმდენად ღრმა კრიზისშია, რომ კანონებით ვეღარაფერს მივაღწევთ, აუცილებელია სხვა გზების ძიება.

რას ვეძახით "ღრმა კრიზისს"? წარმოიდგინეთ მოსამართლე, რომელსაც სურს კეთილსინდისიერად მუშაობა. აქვს თუ არა ამის შესაძლებლობა? რა ან ვინ უშლის ხელს? რამდენად ძლიერია მისთვის შექმნილი წინაღობები? შეიძლება თუ არა კეთილსინდისიერ მოსამართლეზე ზეწოლა?

მოდი ამ კუთხით ვიფიქროთ და ვცადოთ კეთილსინდისიერი მოსამართლის დახმარება. კი, სასაცილოდ ჟღერს, როცა მოსამართლეს დახმარებას სთავაზობ, მაგრამ ერთი წუთით გადავდოთ გვერდზე დემოკრატიული სახელმწიფოების რეალობა და ჩვენი რეალობა კიდევ ერთხელ გავიაზროთ. დიახ, მათ ვინც სამართლიანობა უდნა დაადგინონ, ჭირდებათ საზოგადოების მხარდაჭერა. და რაც უფრო კარგადაა გააზრებულია ეს მხარდაჭერა, მით უფრო მეტია სამართლიანი სასამართლოს შექმნის შანსი.

მაშ ასე, კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა მოსამართლეზე დანაშაულებრივი ზეწოლა, პასუხია - შესაძლებელია და ერთ-ერთი პირველი, ვინც პირადი ცხოვრების ჩანაწერებზე ალაპარაკდა, სასამართლოს თანამშრომელი იყო. მაშინ, ის დაიცვა უზენაესმა სასამართლომ, მაგრამ ყოველთვის დაიცავს მოსამართლეს სასამართლო კორპუსი? არა! არაერთი შემთხვევა გვაქვს, როდესაც განსხვავებული სამართლებრივი პოზიციების გამო, მოსამართლეთა კორპუსი "მოკვეთით" სჯის კოლეგას. კოლეგიალობაზე მნიშვნელოვანი - "გუნდურობაა" და ეს კულტურა კიდევ კარგა ხანს იქნება სასამართლოში.

არსებობს ზეწოლის სხვა მექანიზმები? რა თქმა უნდა. ყველა მოსამართლეს ჰყავს შვილი, ძმა, ბიძაშვილი ან ვინმე ახლო ნათესავი, რომელსაც მოულოდნელად "აღმოუჩენენ" იარაღს, ნარკოტიკულ საშუალებას. იმედია, არ დაგვავიწყდა მოსამართლე ნონა წოწორიას ძმის ისტორია. მოსამართლეს დაეხმარა საერთაშორისო რეპუტაცია და ხასიათის სიმტკიცე, რის შემდეგაც "უშიშროებამ" უკან დაიხია, სახლში ნაპოვნი იარაღი გარდაცვლილი სიმამრის "აღმოჩნდა" და მოსამართლის ძმას ბრალი მოეხსნა. როგორი ისტორიაა? შეიძლება განმეორდეს? დიახ, ნებისმიერ მომენტში და მოსამართლეებს ეს შესანიშნავად მოეხსენებათ.

გარე ზეწოლა იქით იყოს და მეორე დაავადებაც არსებობს - თვითცენზურა ჰქვია და მოსამართლესაც ემუქრება. ასეთ დროს, მოსამართლე რომელიღაც საკითხს ტაბუს ადებს, საკუთარი გემოვნებისამებრ აწესებს სტანდარტს და ამკვიდრებს უსამართლო პრაქტიკას. თვითცენზურა განსაკუთრებით საშიშია ადამიანის უფლებებისთვის და მიუხედავად იმისა, რომ არსებობს სტრასბურგის სასამართლო და იქ შესაძლებელია დავის გაგრძელება, მას ბევრი დრო სჭირდება და ხშირად ამ გზას არც დაადგება დაზარალებული.

გამოწვევები ბევრია და სამოქალაქო აქტივისტებსაც მოგვეთხოვება მეტი ფიქრი და კონკრეტული სტრატეგიის ქონა.

მაშ ასე, ხუთი რამ, რაც უნდა შევძლოთ:

  1. დავიცვათ სასამართლო სახელმწიფოს დანაშაულებრივი ზეწოლისაგან;
  2. დავიცვათ სასამართლო პოლიტიკური ზეწოლისგან;
  3. გამოვავლინოთ და ვებრძოლოთ ნეპოტიზმს და კორუფციას;
  4. კანონის უზენაესობა საერთო-საზოგადოებრივ მიზნად ვაქციოთ;
  5. მეტი ვილაპარაკოთ ეთიკაზე და გავაცოცხლოთ პროფესიული ეთიკის სტანდარტები.

ამ ხუთი ამოცანიდან, სამი შედარებით ადვილია: - არსებობს გამოცდილებაც, ამ საქმის კეთების ცოდნაც და დღესაც ყველა, ძირითადად, მესამე და მეოთხე მიზნებზეა კონცენტრირებული. ეთიკაზე კონცენტრაცია ყოველთვის შესაძლებელია და აქაც არ იქნება დიდი გამოწვევა, მაგრამ, რა ვუქნათ პირველ და მეორე მიზნებს? შევძლებთ პასუხის გაცემას ამ გამოწვევებისთვის?

ალბათ, ყველას კარგად გვესმის, რომ ზეწოლის არსებულ მექანიზმებთან ბრძოლა სახელმწიფოს სისტემას არყევს და ნებისიერი, ვინც ამ მიზანს დაისახავს ია-ვარდით მოფენილი გზით არ ივლის, არამედ მოუწევს რეპრესიულ მექანიზმთან დაჯახება. თუმცა მიზანი მიუღწეველი არ არის. აუცილებელია ახალი საკომუნიკაციო სტრატეგიი შექმნა, ფართო საზოგადოების ჩართვა და მოსამართლეებთან ინდივიდუალური კომუნიკაცია. სისტემის მონოლითურობაზე არსებულიწ არმოდგენა მითია. სასამართლოა რ არის მონოლითი და არც შეცდომაში შემყვანი კონფერენციაა ამ მონოლითურობის მაგალითი. იქაც არსებობს განსხვავებული პოზიციები და აუცილებელია თითოეული მოსამართლის დონეზე გამოვიკვლიოთ ცვლილებებისთვის მზაობა.

#EuropeDontGiveUsUp კამპანია პოლონელმა სამოქალაქო აქტივისტებმა წამოიწყეს და ევროპელი პარტიორებისგან სასამართლოს დაცვის საქმეში დახმარება ითხოვეს. ასეთი კამპანიის რესურსი ჩვენც გვაქვს და შეგვიძლია კონკრეტული ნაბიჯებიც გადავდგათ, მაგალითად, მოვითხოვოთ მოსამართლეებზე ზეწოლის ფაქტების გამოძიება. შესაძლებელია, ჯერ გამოძიება მოვითხოვოთ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის ფარგლებში და შემდგომ - ქვეყნის გარეთ, სტრატეგიული მოკავშირეების დახმარებით. კამპანია აუცილებლად გამოიღებს შედეგს და შესაძლოა გარკვეული სანქციების საფუძველიც გახდეს კონკრეტული პირების მიმართ.

სტატია სკეპტიკოსის პოზიციებზე ლაპარაკით დავიწყე და ოპტიმისტურ ნოტაზე უნდა დავასრულო. კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რომ საქმე გვაქვს დამოუკიდებლობის გარანტიის და მნიშნელოვანი ძალაუფლების მქონე ადამიანებთან, რომელთან ერთ ნაწილს აუცილებალდ აქვს სურვილი დაიმსახუროს საზოგადოების პატივისცემა, იყოს აღიარებული არა მხოლოდ საკუთარ სამეგობრო წრეში, არამედ ფართო საზოგადოების მიერ. კი, ყოველთვის იარსებებენ საკუთარ ნაჭუჭში ჩაკეტილი მოსამართლეებიც, მაგრამ წარმატების მაგალითები პირველთა დახმარებით უდნა შევქმნათ და დავიცვათ ისინი დანაშაულებრივი ზეწოლისგან. ამ საქმეს აუცილებალდ ჭირდება პოლიტიკური პარტნიორი და ისიც გამოჩნდება, თუ სწორად წარვმართავთ მუშაობას.

გამოსავალი არსებობს და შანსი ხელიდან აღარ უნდა გავუშვათ!

კომენტარები