თბილისში "ქურდულ შეკრებაში" მონაწილეობისთვის 5 პირი დააკავეს

შსს

სამართალდამცველებმა ე.წ ქურდული სამყაროს წევრობის, "ქურდულ შეკრებაში" მონაწილეობის და "ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდაჭერის ბრალდებით, 5 პირი დააკავეს. ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ კახა საბანაძემ განაცხადა.

მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებული არიან: 1978 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ი.რ, 1985 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ლ.ს., 1980 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ი.მ., 1948 წელს დაბადებული შ.ქ. და 1975 წელს დაბადებული მ.კ.

"გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 27 იანვარს ქალაქ თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში მოქალაქე მ.კ.-სა და ბიზნესმენ ჯ.მ.-ს შორის არსებული უთანხმოების გადაწყვეტის მიზნით, "ქურდული შეკრება" გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ კრიმინალური სამყაროს წევრები: შ.ქ., მ.კ., ი.მ., ლ.ს. და ი.რ.

ამავე შეკრებაში, ელექტრონული კომუნიკაციის მეშვეობით ჩაერთო 2016 წლიდან ინტერპოლის მიერ ძებნილი, ქართველი ე.წ. "კანონიერი ქურდი" სულხან ჯაფარიძე (წარსულში სულხან თვალჭრელიძე), რომელმაც თავისი კრიმინალური გავლენის გამოყენებით მხარეებს შორის უთანხმოება "ქურდული წესებით" გადაწყვიტა" - აცხადებს შსს და აღნიშნავს, რომ სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დასახელებული ქურდული შეკრება ფარულად ჩაიწერეს. 

"ასევე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, პოლიციამ ხუთივე პირი მიმდინარე წლის 11 თებერვალს თბილისში დააკავა. ინტერპოლით ძებნილ ქართველ ე.წ. "კანონიერ ქურდ" სულხან ჯაფარიძეს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინება. პოლიციამ თბილისში, დაკავებულების საცხოვრებელი ბინებისა და ავტომანქანების ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღო სხვადასხვა ტიპის, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები" - აცხადებს შსს.

გამოძიება "ქურდული სამყაროს" წევრობის, "კანონიერი ქურდობის", "ქურდულ შეკრებაში მონაწილეობის" და "ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტებზე მიმდინარეობს. ბრალდებები 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

კომენტარები