ბატიაშვილი: კერზაიას საქმეზე გამოძიების დაწყება მთელი სისტემისთვის მნიშვნელოვანია

განათლების სამინისტრო

მივესალმები პროკურატურის გადაწყვეტილებას - რაც უფრო სწრაფად გაეცემა პასუხი კითხვებს, როგორც ოჯახისთვის, ასევე, მთელი სისტემისთვის მნიშვნელოვანია - ასე გამოეხმაურა განათლების მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი პროკურატურის მიერ, ზუგდიდის N6 -ე საჯარო სკოლის დირექტორის ია კერზაიას საქმეზე გამოძიების დაწყებას. 

მინისტრის კომენტარს განათლების სამინისტრო ავრცელებს. 

ბატიაშვილის თქმით, სამინისტრო თანამშრომლობს და მომავალშიც ითანამშრომლებს ნებისმიერ მხარესთან. 

"როგორც არაერთხელ განვაცხადე, რაც უფრო მეტი მხარე დაინტერესდება, მით უფრო ამომწურავ ინფორმაციას მიიღებს საზოგადოება. ჩვენ ვთანამშრომლობთ და ვითანამშრომლებთ ნებისმიერ მხარესთან, ვინც ზუგდიდის მე-6 სკოლის საკითხს სწავლობს, რათა ყველა კითხვას გაეცეს პასუხი",- ამბობს ბატიაშვილი.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, ქ. ზუგდიდის N6 -ე საჯარო სკოლაში ჩატარებულ ინსპექტირებასთან დაკავშირებით, გამოძიება უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. 

"საქმეზე მიმდინარე გამოძიების პროცესში, ჩატარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. ჩატარებული გამოძიების შედეგების შესახებ კი დამატებით ეცნობება საზოგადოებას",- აცხადებენ უწყებაში.

 

კომენტარები