პარლამენტის შენობა

თბილისის პარლამენტის C კორპუსის რემონტისთვის მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება

საქართველოს პარლამენტი
wikipedia.org

თბილისის პარლამენტის C კორპუსის რემონტისთვის მილიონ ლარზე მეტი არის გამოყოფილი. პარლამენტის აპარატმა ელექტრონული ტენდერი უკვე გამოაცხადა და სამუშაოებისათვის 1 100 000 ლარი გამოყო. რაც შეეხება კონკრეტულად შესასრულებელ სამუშაოს, როგორც სატენდერო განაცხადშია მითითებული, ეს არის C კორპუსის ცენტრალური ფლიგელში, "მე-8 ღერძზე არსებული ტემპერატურული ნაკერის გამაგრება".

სატენდერო პირობებში მითითებულია, რომ სამუშაოების შესრულებისას არ უნდა შეფერხდეს შენობის ნორმალური ფუნქციონირება. ასევე, "მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს სარემონტო ადგილზე საჭიროების შემთხვევაში დამცავი გამაფრთხილებელი ნიშნების დაყენება. სარემონტო ადგილზე დაცული უნდა იყოს სანიტარული პირობები და უსაფრთხოების წესები; სამუშაოების პროცესში შემსრულებელი ვალდებულია მინიმუმამდე დაიყვანოს მუშაობით გამოწვეული ხმაურის, ვიბრაციის და მტვრის გავლენა".

სამუშაოები ხელშკრულების ძალაში შესვლიდან 150 კალენდარულ დღეში უნდა დასრულდეს.

აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადმოტანა გადაწყვიტა, თბილისის პარლამენტი რამდენჯერმე გაარემონტეს. 

ქუთაისის შენობაში, რომელშიც პარლამენტი აღარ იქნება, საქართველომ 330 მილიონი ლარი დახარჯა. ახლა მთავრობა გეგმავს, რომ ამ შენობაში შსს-ს მომსახურების ცენტრის ანალოგი განათავსოს. ხარჯები ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) დათვალა. ამავე ორგანიზაციამ გამოითხოვა ინფორმაცია იმ ხარჯების შესახებ, რომელიც თბილისის პარლამენტის შენობის განახლებასა და მოწყობას დასჭირდა. 2014 წლის მონაცემებით, ეს თანხა 22 732 346 ლარს შეადგენს.

კომენტარები