ავტოსაგზაო შემთხვევა

ავტობუსის დაგორების შედეგად დაშავებულების ნაწილის მდგომარეობა საყურადღებოა

რუსთავი 2

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, წყნეთის გზაზე ავტობუსის დაგორების შედეგად დაშავებული 7 ადამიანიდან ხუთის მდგომარეობა მსუბუქია, ხოლო ორი საყურადღებოა.

"ავტოსაგზაო შემთხვევის დროს შვიდმა ადამიანმა მიიღო დაზიანება და გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებებში. აქედან ხუთის მდგომარეობა საბედნიეროდ მსუბუქია, ორი არის საყურადღებო, თუმცა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია განმეორებითი კვლევების ჩატარება პაციენტებთან, ასე ითხოვს პროტოკოლი და ისინი სწორედ ამ კვლევების და კონსულტაციის პერიოდში არიან. არც ერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, ორი არის საყურადღებო, 5 მსუბუქ მდგომარეობაში", - ამბობს დავით სერგეენკო.

წყნეთის გზაზე ავტობუსი დღეს, დაახლოებით 10:00 საათზე დაგორდა. შემთხვევის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა. მძღოლის ინფორმაციით, ავარიის მიზეზი მუხრუჭის ჩავარდნა იყო. თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში კი აცხადებენ, რომ ავტობუსი დღეს დილითაც შეამოწმეს. ამასთან, კომპანიაში იმასაც ამბობენ, რომ ტრანსპორტს ტექდათვალიერებაც გავლილი აქვს - 2018 წლის ნოემბერში.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ფაქტს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით იძიებს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები