კოგნიტური ნეირომეცნიერება

რა განსხვავებაა ლიბერალების და კონსერვატორების ტვინებს შორის?

0 კომენტარი

რატომ ვირჩევთ ვიყოთ კონსერვატორები ან ლიბერალები? ამ კითხვაზე პასუხი ხშირად ფილოსოფიურ, ეკონომიკურ ან პიროვნულ ნარატივს გულისხმობს. პოლიტიკური მსოფლმხედვლეობა ასევე კავშირშია ასაკთან, განსხვავებულ ცხოვრებისეულ გამოცდილებასთან, სოციალურ და ეკონომიკურად სტატუსთან და განათლებასთან. თუმცა ამ დისკუსიაში ხშირად უგულებელყოფილია ჩვენი ბიოლოგიის მნიშვნელოვანი ასპექტი - ზიზღი. 

2000-იანი წლების პირველ ათწლეულში, პოლიტიკის მეცნიერების გუნდმა ნეირომეცნიერ რიდ მონტაგუეს მიმართა რადიკალური ჰიპოთეზით, რომ ადამიანი პოლიტიკური ორიენტაცია შესაძლოა ნაწილობრივ მემკვიდრული იყოს და გამოიხატებოდეს ჩვენი ორგანიზმის ფიზიოლოგიურ რეაქციაში შესაძლო საფრთხის მიმართ.

თეორიის შესამოწმებლად მათ სურდათ, რომ მონტაგუეს, რომელიც ვირჯინიის ტექნიკური ინსტიტუტის ნეიროგამოსახვითი ლაბორატორიის ხელმძღვანელი იყო, გაეკეთებინა ადამიანების ტვინის სკანირება მაშინ, როცა ისინი განსხვავებულ გამოსახულებებს უყურებდნენ - მკვდარი ცხოველები, ბინძური ტუალეტები, მუწუკებიანი კანი - რათა გაეგოთ, იქნებოდა თუ არა კორელაცია ტვინის რეაქციასა და ადამიანების პოლიტიკურ იდეოლოგიას შორის. 

თავდაპირველად მონტაგუეს ეს იდეა სასაცილოდ მოეჩვენა და უარი თქვა, რადგან MRI კვლევა დიდ დროს და რესურსებს მოითხოვს, თუმცა გუნდმა მალევე მოახერხა მისი დარწმუნება და კვლევა დაიწყო. მონაცემების დაგროვებასთან ერთად გაქრა სკეპტიციზმი პროექტთან დაკავშირებით.

83 ცდისპირს, მათი ტვინის სკანირების პარალელურად, აჩვენეს განსხვავებული ემოციების მომგვრელი ფოტოების შემთხვევითი ნაკრები. ამის შემდეგ მათ შეავსეს კითხვარები, სადაც პასუხი გასცეს კითხვებს პოლიტიკურ და სოციალურ საკითხებზე, რათა მკვლევრებს ისინი უკიდურესი კონსერვატიზმის და ლიბერალიზმის სპექტრზე მოეთავსებინათ. 

როცა მონტაგუემ ნეიროგამოსახვითი მონაცემები ცდისპირების პოლიტიკური იდეოლოგიას შეადარა, მან შენიშნა, რომ ლიბერალების და კონსერვატორების ტვინები რადიკალურად განსხვავებულად რეაგირებდნენ ფოტოებზე, რომლებიც ზიზღს აღძრავდა. 

"ყბა ჩამომივარდა. შედეგების პროგნოზირებადობამ განმაცვიფრა." - თქვა მონტაგუემ. რეაქცია ორივე ჯგუფს ჰქონდა, თუმცა, გააქტიურდა ტვინის განსხვავებული რეგიონები. მკვლევრებს შეეძლოთ 95%-ის სიზუსტით ეწინასწარმეტყველათ, ზიზღის მომგვრელ ფოტოებზე ნეირონული რეაქციის მიხედვით, ადამიანი ლიბერალი იყო თუ კონსერვატორი. 

ცდისპირებს ასევე აჩვენეს ძალადობრივი გამოსახულებები (კაცი, რომელიც კამერას იარაღს უმიზნებს, ბრძოლის სცენები, ავტოავარიები) და სასიამოვნო სურათები (გაღიმებული ბავშვი, ლამაზი დაისი, საყვარელი კურდღლები.) მაგრამ ერთადერთი რეაქცია, რომელიც კორელაციაში იყო ადამიანების პოლიტიკურ იდეოლოგიასთან, ზიზღი აღმოჩნდა (შესაძლოა იმიტომ, რომ ზიზღის პროვოცირება ლაბორატორიულ პირობებში უფრო მარტივია, ვიდრე სხვა ემოციების). 

დღეს ამ თემაზე არსებობს ორი ტიპის კვლევები. პირველი გულისხმობს კორელაციის გამოვლენას ინდივიდის ზიზღის მიმართ მგრძნობელობასა  და პოლიტიკური და სოციალური იდეოლოგიებს შორის. მეორე ტიპის კვლევები კი ცდილობს იმის დადგენას, შეუძლია თუ არა ექსპერიმენტის ფარგლებში გამოწვეულ ზიზღს იმ მომენტში ადამიანების შეხედულებების შეცვლა. კვლევის ტიპის მიუხედავად, არსებობს ზოგადი მიგნება, რომელიც ყველა კვლევაში გამოვლინდა: ზიზღის ემოციის გავლენა პოლიტიკურ შეხედულებებზე არაა უფრო მცირე, ვიდრე ისეთი ფაქტორების, როგორებიცაა შემოსავალი და განათლება. 

რა კავშირშია თქვენი რეაქცია მკვდარ ცხოველზე, ნარწყევზე და სხვა ზიზღის მომგვრელ გამოსახულებებზე თქვენს დამოკიდებულებასთან, ვთქვათ, იმიგრაციაზე? ამ საკითხზე მკვლევრებს ვარაუდები აქვთ და არა საბოლოო პასუხები. ერთ-ერთი სპეკულაციის თანახმად, ღრმა, სიმბოლურ შრეში, ზიზღი შესაძლოა კავშირში იყოს ჩვენს იდეასთან, თუ ვინ არის "ჩვენ" და ვინ "ისინი", ვის ვენდობით ინსტინქტურად და ვის არ.

ზიზღი თავისთავად პოლიტიკური არაა. ამ ემოციის ევოლუციური ფუნქცია საარჩევნო ყუთთან ჩვენი გადაწყვეტილების განსაზღვრა არ ყოფილა, მისი ფუნქციაა დაგვიცვას ინფექციებისგან. კვლევები აჩვენებს, რომ ჩვენი გონება მუდმივად ეძებს დაბინძურების წყაროს - დამპალი ნარჩენები, სანაგვე ყუთიდან გადმოღვრილი სითხე, გაჟონილი საკანალიზაციო მილი - როცა ტვინი მათ შენიშნავს, ის ზიზღის მოულოდნელ გრძნობას იწვევს, რის შედეგადაც ადამიანი თავს არიდებს შესაძლო საფრთხეს. ამ მექანიზმს "ქცევით იმუნურ სისტემას" უწოდებენ და ის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჩვენს გადარჩენაში. 

ქცევითი იმუნური სისტემის კონცეფცია 2000 წელს ფსიქოლოგმა მარკ შელერმა შემოიტანა. ეს მექანიზმი, რომელიც გვაიძულებს თავი ავარიდოთ ინფექციის შესაძლო წყაროებს, მიდრეკილია შეცდომების დაშვებისკენ. მისი აქტივაცია შეძლება გამოიწვიოს, როცა ადამიანი ხედავს, თუ როგორ ახველებს სხვა ადამიანი, უყურებს ღია ჭრილობას ან ინფიცირებულ თვალს. თუმცა, მისი აქტივაცია ასევე შეუძლია თანდაყოლილ ლაქას, ჭარბ წონას, დეფექტს, ქმედითუუნარობას და ჭორფლსაც კი. გარდა ამისა, ჩვენი "მიკრობების აღმომჩენ რადარს" გავლენა აქვს ჩვენს დამოკიდებულებაზე, სხვა რასის ან ეთნიკური წარმომავლობის ადამიანების მიმართ. 

ექსპერიმენტში შალერმა ერთ ჯგუფს აჩვენა ფოტოები, სადაც აღბეჭდილი იყო ხველა, ბაქტერიები ჭურჭლის ღრუბელზე და სხვა გამოსახულებები, რომლებიც შექმნილი იყო იმისთვის, რომ აღეძრა ზიზღი და შეეშფოთებინა ადამიანი გადამდები დაავადებების შესახებ. მეორე, საკონტროლო ჯგუფს აჩვენებს ფოტოები, რომლებშიც აღბეჭდილი იყო საფრთხეები, რომლებიც არ იყო კავშირში ბაქტერიებთან - მაგალითად ავტოავარიები. ამის შემდეგ, ორივე ჯგუფს მისცეს კითხვარი, რომელშიც ეკითხებოდნენ, თუ რამდენი რესურსი უნდა ჩადოს კანადის სახელმწიფომ, რომ მოიზიდოს ადამიანები სხვადასხვა ქვეყნებიდან კანადაში. საკონტროლო ჯგუფთან შედარებით, ცდისპირებს, რომლებსაც აჩვენებს ბაქტერიის შემცველი ფოტოები, უნდოდათ, რომ სახელმწიფოს გამოეყო მეტი ფინანსები, პოლონელების და ტაივანელების მოსაზიდად (მიგრანტების ნაცნობი ჯგუფი ვანკუვერში, სადაც კვლევა ჩატარდა), ვიდრე ისეთი ქვეყნებიდან, როგორებიცაა ნიგერია, მონღოლეთი და ბრაზილია. 

"თუ მე ვიზრდები გარემოში, სადაც ყველა ერთნაირად გამოიყურება, მაშინ, შესაძლოა ჩინელი ადამიანის დანახვამ ქცევითი იმუნური სისტემის აქტივაცია გამოიწვიოს. მაგრამ თუ მე ნიუ-იორკში ვიზრდები, ადამიანი, რომელიც ჩინეთიდან ჩამოდის ნაკლებად აღძრავს ამ რეაქციას."- განაცხადა შალერმა. 

13000 ამერიკელზე და 2000 დანიელზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ უარყოფითი იმიგრაციის მიმართ იზრდებოდა ზიზღის მიმართ ზოგადი მგრძნობელობის პროპორციულად. შემდგომ გუნდმა განავრცო ეს კვლევა და აღმოაჩინა, რომ დამოკიდებულება იმიგრაციის მიმართ უფრო უარყოფითი იყო შტატებში, სადაც მაღალი იყო ინფექციური დაავადებების სიხშირე. 

მრავალი კვლევა ადასტურებს, რომ ზიზღი კავშირშია ჩვენს უნდობლობასთან არა მხოლოდ განსხვავებული ეთნიკური წარმომავლობის ადამიანების, არამედ ზოგადად, უცნობების მიმართ. ზიზღი კავშირშია უნდობლობასთან, რასაც შესაძლოა თავდაცვითი წარმოშობა ჰქონდეს: თუ შენ შეამცირებ სოციალურ წრეს, ამავდროულად შემცირებ კავშირს დაავადების პოტენციურ მატარებლებთან.

სოციალურ ფსიქოლოგიაში ჩატარებული კვლევების თანახმად, ზიზღის მიმართ მგრძნობიარობა, კავშირშია ჩვენს შეხედულებებთან კარგის და ცუდის, კეთილის და ბოროტის შესახებ. ერთ-ერთ ექსპერიმენტში, მკვლევრებმა, ადამიანთა ერთი ჯგუფი დასვეს სუფთა მაგიდასთან, ხოლო მეორე ბინძურ, წებოვან მაგიდასთან და თხოვეს მათ მორალურად შეეფასებინათ განსხვავებული სიტუაციები. რეზიუმეში ტყუილი, ქუჩაში ნაპოვნი საფულის მითვისება, თვითმფრინავის კატასტროფის შემდეგ კანიბალიზმით და ა.შ. ისინი, ვინც ბინძურ მაგიდასთან ისხდნენ, უფრო მწვავედ განსჯიდნენ სიტუაციებს, ვიდრე ისინი, ვინც სუფთა მაგიდასთან იჯდა. წებოვანი მაგიდის გარდა, ეფექტურია უსიამოვნო სუნი. ერთ ექსპერიმენტში, ერთი ჯგუფი ავსებდა კითხვარს თავიანთი სოციალური ღირებულებების შესახებ გარემოში, სადაც პირნაღები მასის სუნი იყო, მეორე ჯგუფი კი გარემოში სადაც სუნი არ იყო. პირველმა ჯგუფმა უფრო მეტად გამოხატა უარყოფითი დამოკიდებულება გეი უფლებების, პორნოგრაფიის, ქორწინებამდელი სექსის წინააღმდეგ ვიდრე მეორე ჯგუფმა.  ეს კვლევა მრავალჯერ გამეორდა, სხვა ზიზღის გამომწვევი სუნების და გემოების გამოყენებით, ყოველმა მათგანმა ერთი პატერნი გამოავლინა: როცა ჩვენ ზიზღს განვიცდით, ჩვენ უფრო რადიკალურად განვსჯით სხვებს. 

მკვლევრები ვარაუდობენ, რომ არსებობს კავშირი ქცევით იმუნურ სისტემასა და რელიგიას შორის. რელიგიური აკრძალვებს და სხვა ტრადიციებს შესაძლოა დაავადებებისგან დაცვის ფუნქცია ჰქონდეს. გარკვეული კულინარული პრაქტიკების, სექსუალური აკრძალვების და ბანაობის და ჰიგიენის შესახებ  რელიგიური შეხედულებები, შესაძლოა არა მხოლოდ სულიერი და სიმბოლური სიწმინდის მიღწევის, არამედ დაბინძურებისგან თავის არიდების ევოლუციური ადაპტაცია იყოს. 

სხვა ნეიროგამოსახვითი კვლევები აჩვენებს, რომ კონსერვატორებს გადიდებული აქვთ მარჯვენა ამიგდალა (Amygdala), ტვინის სტრუქტურა, რომელიც კავშირშია ემოციებთან, როგორებიცაა შიში და ამუშავებს ინფორმაციას გარემოში პოტენციური საფრთხეების შესახებ და კუნძულის წილი (Insula), რომელიც კავშირშია ზიზღის დამუშავებასთან, ხოლო ლიბერალებს აქვთ უფრო დიდი წინა ქამრისებრი ქერქი (anterior cingulate cortex), რომელიც,  რამდენიმე კვლევის თანახმად კავშირშია თვითრეგულაციის უნართან და განუსაზღვრელობის და კონფლიქტის მიმართ შემწყნარებლობასთან. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ ბიზნესპარტნიორები, რომლებმაც დავის გადასაწყვეტად კანონიერ ქურდებს მიმართეს

კომენტარები