ოჯახში ძალადობა

დედაზე ძალადობისთვის იმ სახლის პატრონი დააკავეს, რომელსაც ცოტა ხნის წინ ხანძარი გაუჩნდა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დედის მიმართ ძალადობის ბრალდებით თბილისში მამაკაცი დააკავა. დაკავებული დ.ვ. სახლის მეპატრონეა, სადაც რამდენიმე საათის წინ ხანძარი გაჩნდა. 1989 წელს დაბადებულ მამაკაცს გამოძიება სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს (ოჯახში ძალადობა) ედავება.

"დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 10 თებერვალს თბილისში, ს.ჩიქოვანის ქუჩაზე, საკუთარ საცხოვრებელ სახლში დედას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. იმავე დღეს სამართალდამცველებმა დაზარალებული თავშესაფარში გადაიყვანეს. პოლიციამ დ.ვ., ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩადენიდან ორ დღეში დააკავა" - აცხადებს შსს.

დაკავებულის სახლში, სიმონ ჩიქოვანის ქუჩაზე ხანძარი რამდენიმე საათის წინ გაჩნდა. წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია 50 კვ.მ. ფართობი. მეზობლების ინფორმაციით, მამაკაცი დედაზე ხშირად ძალადობდა და ემუქრებოდა, რომ სახლს გადაწვავდა. ისინი ვარაუდობენ, რომ დაკავებულმა ხანძარი გამიზნულად გააჩინა. მეზობლების ცნობითვე, დ.ვ-მ გასულ წელს სახლს ცეცხლი წაუკიდა - მაშინ შენობაში დედა და ძმა იმყოფებოდნენ. 

ხილიანზე რამდენიმე საათის წინ გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლით მიმდინარეობს. გამოძიების დასრულების შემდეგაც გაირკვევა, არის თუ არა დედაზე ძალადობისთვის დაკავებული პირი ხანძრის გაჩენასთან კავშირში.

კომენტარები