კიბო

240 მილიონი წლის კუს წინაპრის ნამარხს ძვლის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს

მკვლევართა საერთაშორისო გუნდმა 240 მილიონი წლის ასაკის ნამარხის უკანა კიდურებზე ძვლის კიბოს იშვიათი ფორმა, პერიოსტეალური ოსტეოსარკომა აღმოაჩინა, რომელიც აშშ-ში წელიწადში მხოლოდ 700-დან 1000-მდე ადამიანს ემართება.  

შტუტგარტის საბუნებისმეტყველო ისტორიის მუზეუმში შენახული განამარხებული სიმსივნე, რომელიც ჟურნალ JAMA Oncology-ში გამოქვეყნებულ კვლევაშია აღწერილი, ტრიასულ პერიოდს მიეკუთვნება, როდესაც გაჩნდნენ პირველი დინოზავრები. 

ეს აღმოჩენა მნიშვნელოვანია, ვინაიდან კიბოს ნამარხები უკიდურესად იშვიათია, რადგან კიბო უმეტესად რბილ ქსოვილებში ვლინდება და ნამარხებზე კიბოთი გამოწვეული რბილი ქსოვილების ცვლილებების აღმოჩენა შეუძლებელია. 

"ოსტეოსარკომა, რომელიც ნამარხში აღმოვაჩინეთ, თითქმის ადამიანის ოსტეოსარკომის იდენტური იყო. საინტერესოა იმის აღმოჩენა, რომ ჩვენთვის ცნობილი დაავადებები გვხვდებოდა გადაშენებულ ცხოველებში," - ამბობს კვლევის ავტორი პატრიკ ასბახი. 

აღმოჩენილი სახეობა Pappochelys rosinae კუს წინაპარია, თუმცა, ბაქანი არ აქვს. ამ სახეობის ნამარხების შესწავლამ ნათელი მოფინა კუს ბაქანის ევოლუციას.

შეუძლებელია ზუსტად იმის ცოდნა, რამ გამოიწვია კუს სიკვდილი, თუმცა, ადამიანების შემთხვევაში ოსტეოსარკომა ფილტვებში ვრცელდება. თუ ის ფილტვებში გავრცელდა, კუს გაურთულდებოდა საკვების მოპოვება და მტაცებლებისგან გაქცევა, რაც საბოლოოდ მის სიკვდილს გამოიწვევდა.

მეცნიერებს აქამდე აღმოუჩენიათ ძველი კიბოები თევზების და ამფიბიების ნამარხებში. თუმცა, ეს პირველი შემთხვევაა, როცა კიბო ამნიოტის ნამარხში აღმოაჩინეს, ჯგუფში, რომელშიც შედის ქვეწარმავლები, ფრინველები და ძუძუმწოვრები. სხვა შესაძლო დიაგნოზების გამორიცხვის შემდეგ, მეცნიერებმა ნამარხის ძვლის მიკრო-კომპიუტერული ტომოგრაფია ჩაატარეს, რამაც მათი ვარაუდი დაადასტურა. 

"ოსტეოსარკომის აღმოჩენა ნიშნავს, რომ მცდარია ზოგიერთი ექსპერტის მოსაზრება, თითქოს დაავადება დროთა განმავლობაში იმდენად იცვლება, რომ არსებული მანიფესტაციების ამოცნობა წარსულში შეუძლებელია. შესაძლებელია არა მხოლოდ დიაგნოზი დადასტურება, არამედ იმის თქმა, თუ დაავადების რომელი ფორმა იყო. " - ამბობს კვლევის ავტორი, კანზასის უნივერსიტეტის მედიცინის პროფესორი ბრიუს როთჩაილდი. 

ძვლისაზრდელას კომპიუტერული ტომოგრაფია, რომელმაც გამოავლინა, რომ 240 მილიონი წლის ასაკის ნამარხი პერიოსტეალური ოსტეოსარკომით იყო დაავადებული.

 

კომენტარები