ვენესუელა

ხუან გუაიდო: ჰუმანიტარული დახმარება ვენესუელაში 23 თებერვალს შემოვა

ხუან გუაიდო / ნიკოლას მადურო
AFP

ვენესუელის ოპოზიციის ლიდერი ხუან გუაიდო ნიკოლას მადუროს რეჟიმს ქვეყანაში ჰუმანიტარული დახმარების შემოსაშვებად ვადას 23 თებერვლამდე აძლევს. ამის შესახებ მან საპროტესტო აქციაზე გამოაცხადა. ვენესუელაში ქუჩებში ათობით ათასი ადამიანი გამოვიდა და ქვეყანაში ჰუმანიტარული დახმარების შეშვებას ითხოვდა.

"დადექით კონსტიტუციის და ჰუმანურობის მხარეს. 23 თებერვალი იქნება დღე, როდესაც ჰუმანიტარული დახმარება ვენესუელაში შემოვა, ამიტომ დღეიდან ორგანიზება უნდა დავიწყოთ." თქვა გუაიდომ.

შეგახსენებთ, რომ ნიკოლას მადუროს რეჟიმმა ჰუმანიტარული დახმარების მიღებაზე უარი თქვა. მათ კოლუმბიასთან დამაკავშირებელი ხიდი ჩაკეტეს. მედიაში გავრცელებულ სურათებში ჩანს, რომ ხიდზე სატვირთო კონტეინერებია განთავსებული.

ეს ხიდი ერთ-ერთი იმ სამი პუნქტიდან, რომლებიც გასულ კვირას ხუან გუაიდომ დაასახელა. მან მთავრობას მოუწოდა ქვეყანაში ჰუმანიტარული დახმარება ბრაზილიიდან და კოლუმბიიდან შეეშვა. მან სამხედრო ძალებს სთხოვა ხელი არ შეეშალათ ჰუმანიტარული დახმარებისთვის. "ძმებო, შემოუშვით დახმარება. უზურპაციის დასასრული იქნება შიმშილის დასასრული." თქვა მან. გუაიდოს თქმით საკვებისა და მედიკამენტების დეფიციტის გამო 250-დან 300 ათასამდე ვენესუელელი სიკვდილის პირასაა.

"ჩვენ მათხოვრები არ ვართ." ასე უპასუხა მადურომ მის მოწოდებას.

ხუან გუაიდო 20-ზე მეტმა ქვეყანამ, მათ შორის აშშ-მა ბრაზილიამ, კანადამ, არგენტინამ, კოლუმბიამ, საქართველომ, საფრანგეთმა, ესპანეთმა, გერმანიამ, ბრიტანეთმა, პორტუგალიამ, შვედეთმა, დანიამ, ავსტრიამ, ჰოლანდიამ და ასევე ევროპარლამენტმა ვენესუელის გარდამავალ პრეზიდენტად ცნეს.

ნიკოლას მადუროს რეჟიმს მხარს რუსეთი, ჩინეთი, თურქეთი, ირანი, სირია, კუბა, ბელარუსი, მექსიკა, ნიკარაგუა, სურინამი და ბოლივია უჭერენ.

2017 წლის ბოლოს ვენესუელური ბოლივარის ინფლაციამ 440,000%-ს გადააჭარბა. ასეთივე ტემპით ეცემა ვენესუელური ბოლივარის გაცვლითი კურსი შავ ბაზარზე. ეკონომიკური კრიზისის გამო საშუალო ხელფასის ღირებულება $4-ს გაუტოლდა.

ვენესუელის მთავრობა ეკონომიკურ კრიზისს და საკვებისა თუ მედიკამენტების ნაკლებობას "ეკონომიკურ ომს" აბრალებს, რომელსაც მათი თქმით "იმპერიალისტური ძალები" ეწევიან.

გაეროს ინფორმაციით 2014 წელის შემდეგ ვენესუელა სამ მილიონზე მეტმა მოქალაქემ დატოვა.

კომენტარები