კრიმინალი

შსს: მზიურის პარკში სოციალური კაფე ოთხმა არასრულწლოვანმა გაქურდა

ინდიგო

სამართალდამცველებმა სოციალური კაფე - "ახალი მზიურის" გაქურდვისთვის ოთხი არასრულწლოვანი ამხილეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ 2004 წელს დაბადებულმა გ.ვ-მ, 2005 წელს დაბადებულმა ს.დ-მ, 2002 წელს დაბადებულმა ა.ჩ-მ და 2004 წელს დაბადებულმა მ.ბ-მ კაფედან ლეპტოპი, მობილური ტელეფონი, აიპადი და 178 ლარი მოიპარეს.

"დადგინდა, რომ არასრულწლოვნებმა ასევე გაქურდეს მაღაზია "აიტექნიკი", საიდანაც სხვადასხვა სახის ტექნიკა მოიპარეს. სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთების ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღეს" - აცხადებს შსს.

ოთხივე მხილებული 14 წელს მიღწეულია, რაც იმას ნიშნავს, რომ მათზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ვრცელდება.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუქტებით, მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

კომენტარები