აშშ

ტედ კრუზი: "ელ ჩაპოსთვის" ჩამორთმეული ქონება სასაზღვრო კედლის მშენებლობას უნდა მოხმარდეს

ხუაკინ "ელ ჩაპო" გუზმანი / ტედ კრუზი

აშშ-ის ტეხასის შტატის რესპუბლიკელ სენატორს, ტედ კრუზს სურს, რომ სასაზღვრო კედლის მშენებლობა მექსიკელმა ნარკობარონმა, ხუაკინ "ელ ჩაპო" გუზმანმა დააფინანსოს.

გუზმანი ნიუ იორკის სასამართლომ გუშინ 10 მუხლით ცნო დამნაშავედ და მას სამუდამო პატიმრობა ემუქრება. კრუზის გეგმის მიხედვით საზღვარზე ბარიერის მშენებლობა სწორედ გუზმანისათვის ჩამორთმეული ქონებით უნდა მოხდეს. მან ეს იდეა პირველად 2017 წელს გააჟღერა, ხოლო გუზმანის დამნაშავედ ცნობის შემდეგ საკუთარ ტვიტერზე დაწერა:

"დღეს ხუაკინ გუზმანის გასამართლებით ამერიკის სასამართლო სისტემამ გაიმარჯვა. პროკურორები "ელ ჩაპოსგან" 14 მილიარდ აშშ დოლარს ითხოვენ, რაც კედლის მშენებლობას უნდა მოხმარდეს."

 

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტ ტრამს და კონგრესს სასაზღვრო კედლის დაფინანსების თაობაზე შეთანხმებისათვის ჯერ არ მიუღწევიათ. 

აშშ-ის დემოკრატიული და რესპუბლიკური პარტიების ლიდერებმა მთავრობის ხელახალი დახურვის თავიდან ასაცილებლად შეთანხმებას მიაღწიეს, რომელის მიხედვითაც სასაზღვრო კედლისათვის ბიუჯეტში 1.4 მილიარდი აშშ დოლარი გამიოყოფა, რაც ტეხასში საზღვარზე არსებული მეტალის ღობის დამატებით 90 კილომეტრით გაგრძელებას მოხმარდება. პრეზიდენტი ტრამპი 5.7 მილიარდს ითხოვდა.

ტრამპს ჯერ-ჯერობით არ გადაუწყვეტია დათანხმდება თუ არა ამ შემოთავაზებას, თუმცა თქვა, რომ მთავრობის ხელახალი დახურვა მოსალოდნელი არ არის.

იმ შემთხვევაში, თუ კონგრესი 15 თებერვლამდე ბიუჯეტის კანონპროექტს არ მიიღებს, რომელსაც შემდეგ პრეზიდენტი მოაწერს ხელს, მთავრობა ხელახლა დაიხურება.

კომენტარები