საფრანგეთი

საფრანგეთის ქალაქში ძაღლის ყეფის გამო მათ პატრონებს დააჯარიმებენ

Fox News

საფრანგეთში ქალაქ ფიოკიერის მერმა ძაღლებს ხანგრძლივი ყეფა აუკრძალა.

მერის, ჟან პიერ ესტენის განკარგულებით, ძაღლებს მხოლოდ წკმუტუნი შეუძლიათ, ისიც ისე, რომ მეზობლები არ შეწუხდნენ.

კანონდამრღვევი ძაღლების პატრონები 68 ევროს გადაიხდიან. 

მერის თქმით, აკრძალვა აუცილებელია, რადგან ქალაქში ძაღლები მუდმივად ყეფენ და მეზობლები მშვიდად ცხოვრებას ვერ ახერხებენ. 

ცხოველთა უფლებათა დამცველებმა მერის გადაწყვეტილება უკვე გააპროტესტეს. ისინი სასამართლოში ჩივილსაც გეგმავენ. უფლებადამცველები ამბობენ, რომ ასე ეკლესიის ზარების აკრძალვაც შეიძლება და აკრძალვა ძაღლების დისკრიმინაცია და გამიზნული ქმედებაა. 

თუმცა, თავად მერი ესტენი ამტკიცებს, რომ მას ძაღლები უყვარს და მათი საწინააღმდეგო არაფერი აქვს.

ახალი რეგულაციების თანახმად, ძაღლების მფლობელებს იმ შემთხვევაში დააჯარიმებენ, თუ მათ მეზობლები უჩივლებენ. მერის ინიციატივა ქალაქის საკრებულომაც დაამტკიცა.

აღსანიშნავია, რომ ფიოკიერი არ არის პირველი ადგილი საფრანგეთში, სადაც ასეთი აკრძალვა ამოქმედდა. ქალაქ სენტ-ფუა-ლა-გრანდშიც იგივე კანონი 2012 წელს შემოიღეს.

კომენტარები