"მოსალოდნელი გადაწყვეტილება იყო" - გოჩა ბარნოვი სემინარიიდან გაათავისუფლეს

გოჩა ბარნოვი

თბილისის სასულიერო აკადემიის აკადემიურმა საბჭომ ლექტორ გოჩა ბარნოვის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო. ინფორმაცია ამის შესახებ ტაბულას თავად თეოლოგმა დაუდასტურა. 

ბარნოვი ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება რექტორ გიორგი ზვიადაძის ერთპიროვნული გადაწყვეტილებაა. მისივე თქმით, ამ გადაწყვეტილებას საბჭოს მხოლოდ 3 წევრი, გაგი ხაჭაპურიძე, თეა ბეჟუაშვილი და მამა მიქაელ გარდავა, შეეწინააღმდეგა. ბარნოვის თქმით, სამივე მათგანმა მის დასაცავად სიტყვაც წარმოთქვა. 

ბარნოვი საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას მოსალოდნელს უწოდებს და ამბობს, რომ მოვლენების სხვა განვითარებას არც ელოდა. 

აკადემიურმა საბჭომ გოჩა ბარნოვის გათავისუფლების გადაწყვეტილება დღევანდელ შეხვედრაზე მიიღო. შეგახსენებთ, რომ ბარნოვი აკადემიურ საბჭოს ორშაბათსაც შეხვდა, თუმცა გადაწყვეტილების მიღება დღეისთვის გადაიდო, მანამდე კი, გოჩა ბარნოვს ლექციების ჩატარების უფლება ჰქონდა. 

სასულიერო სემინარიის ლექტორმა, გოჩა ბარნოვმა, 7 თებერვალს Facebook-ზე დაწერა, რომ ის სასწავლებლიდან გაათავისუფლეს და მას მიზეზად "პატრიარქის მტრობას" უსახელებდნენ. მეორე დღეს, 8 თებერვალს აკადემიურმა საბჭომ განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც წერდნენ, რომ ბარნოვის გათავისუფლების საკითხი მის მიერ სააგენტო IPN-თან გაკეთებული განცხადებები გახდა, რომელშიც ბარნოვი უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე და ეკლესიაში პრორუსულ განწყობებზე საუბრობდა. საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ეწერა, რომ თუმცა ბარნოვი ოფიციალურად არ გაუთავისუფლებიათ, საბჭო მის პედაგოგობას მიუღებლად მიიჩნევდა. 

კომენტარები