საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია

აკრძალული მეხსიერება - სოვლაბმა ძველი ბოლშევიკის, არაქელა ოქუაშვილის მემუარები გამოსცა

გიო ნუსხელაძე

საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიამ ორგანიზაციასთან "შენ დემოკრატიისთვის" ერთად არაქელა ოქუაშვილის მემუარები გამოსცა. 

არაქელა ოქუაშვილი მუშა-ხალხოსანი, სოციალ-დემოკრატიული მოძრაობის ერთ-ერთი უხუცესი და ძველი ბოლშევიკი იყო, რომელსაც "სტალინის მასწავლებელსაც" ეძახდნენ, თუმცა, დიდ ტერორს მაინც ვერ გადაურჩა. 

მემუარები სოვლაბის მკვლევარმა, ირაკლი ხვადაგიანმა თავდაპირველად 2012 წელს ნახა შსს-ის აკადემიის არქივის მეორე განყოფილებაში, ყოფილ მარქსიზმ-ლენინიზმის არქივში. 

ხვადაგიანი ამბობს, რომ ეს მემუარები ძალიან ცოტა ისტორიკოსს აქვს ნანახი, იმიტომ რომ 1937 წელს, როდესაც ოქუაშვილი დააპატიმრეს, ტერორი პირველ ნაბიჯებს დგამდა, "წმენდა" კი ძველი, უხუცესი ბოლშევიკებისგან დაწყო, რომელსაც არაქელა ოქუაშვილიც წარმოადგენდა. 

"ეს არ არის ერთადერთი გამონაკლისი. იმავე არქივში არის საკმაოდ ბევრი აკრძალული მემუარი, რომელთა ავტორები დახვრიტეს ან გადაასახლეს, ან გადასახლებაში დაიღუპნენ და არასდროს გამოქვეყნებულა. ჩვენ ჩავთვალეთ საჭიროდ, დაგვეწყო მუშაობა, რათა აკრძალული მეხსიერების ეს ნაწილი საზოგადოებას დაუბრუნდეს.

თუმცა, მისი გამოცემის უფრო დიდი მოტივაცია იყო თვითონ მემუარის სტილი და შინაარსი. ანუ პირველივე ფურცლიდან ძალიან ძნელია მოსწყდე ტექსტს, რამდენადაც ეს არის ხმოვანი ტექსტი. კითხულობ და გესმის, რომ ავტორი გელაპარაკება. ეს არ არის ლიტერატურული ტექსტი, ეს არის ცოცხალი მეხსიერება, ხმაც კი გესმის, როგორ გიყვება ის თავის ფანტასტიკურ თავგადასავალს, დაწყებული ღრმა ბავშვობიდან, მცხეთიდან, სადაც ის დაიბადა 1860-იან წლებში, დასრულებული 1921 წლის ბოლო დღეებით, როდესაც ბათუმში სრულდება ომი საქართველოს და საბჭოთა რუსეთს შორის და ოკუპაცია ხდება ფაქტობრივი მოცემულობა", - თქვა ხვადაგიანმა წიგნის პრეზენტაციაზე, რომელიც ლიტერატურის მუზეუმში გაიმართა.

მისივე თქმით, მემუარი ყოველთვის წარსულის სუბიექტური ხედვაა და მას არასდროს აქვს ჭეშმარიტებაზე პრეტენზია. პირადი განწყობები და მოტივაციები არაქელა ოქუაშვილის მოგონებებშიც კარგად ჩანს, განსაკუთრებით 1918-1921 წლებში. მაგრამ, როგორც ხვადაგიანი ამბობს, საერთო ჯამში, ეს არის ჩვენი წარსულის საინტერესო ხედვა, განსაკუთრებით იმის გამო, რომ ის არასდროს იყო დაშვებული საბჭოთა ცენზურის გამო.

ვინ იყო არაქელა ოქუაშვილი

ირაკლი ხვადაგიანი ყვება: 

არაქელა ოქუაშვილი
ფოტო: საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია

"1901 წელს ალექსანდრეს ბაღში ჩატარდა პირველი ღია დემონსტრაცია მუშათა სოლიდარობის დღის აღსანიშნავად.  

ეს იყო არალეგალური დემონსტრაცია/არაქელა ოქუაშვილი იყო ის ადამიანი, ვინც პირველმა აღმართა წითელი დროშა ამ დღის აღსანიშნავად. ამას მოჰყვა დარბევა, დაპატიმრება და ა.შ 

ეს არის 200-გვერდიანი, ძველ მანქანაზე ნაბეჭდი ტექსტი. პირველი გვერდი არის ძალიან საინტერესო და გულისამაჩუყებელი - მას საკუთარი ხელით ჰქონდა წიგნის დიზაინი გაწერილი - ფორმატი როგორი უნდა იყოს, შრიფტი როგორი უნდა იყოს, პორტრეტი რომელ გვერდზე უნდა ყოფილიყო. მან მან დაასრულა თავის მემუარებზე მუშაობა 1936 წელს დაასრულა, თუმცა, როდესაც თავფურცელს გადაშლი, არის შტამპი რეზოლუციით "შეინახეთ საიდუმლოდ, არ გაიცემა მკვლევარებზე ვადის გარეშე". 

ამის მიზეზი ის არის, რომ 1937 წლიდან დიდი ტერორი ძალას იკრებდა. 

ჩვენი საზოგადოების მთელმა ტრანსფორმაციამ მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან მე-20 საუკუნის დასაწყისამდე მის თვალწინ გაიარა, მის შუაგულში ტრიალებდა, იყო ერთ-ერთი პირველი ნაროდნიკი, მუშათა წარმომადგენელი. 

როდესაც მარქსისტული მოძრაობა დაიწყო, მან მოიხვეჭა დიდი ავტორიტეტი, როგორც მუშათა ერთ-ერთმა ლიდერმა. 

მისი ერთ-ერთი მეტსახელი, რომელიც მოგვიანებით ჩნდება, არის "სტალინის მასწავლებელი". ვინაიდან, და ეს დადასტურებულია ბევრი წყაროთი - როდესაც სტალინი თავისი სემინარისტობის ბოლო კურსებიდან აქტიურ რევოლუციონერობას იწყებს, არაქელა ოქუაშვილი უკვე არის თბილისის სოციალურ-დემოკრატიული კომიტეტის წევრი. მას დაჰყავდა სოსო ჯუღაშვილი რკინიგზელთა არალეგალულრ წრეებში, როგორც მარქსიზმის ახალგაზრდა პროპაგანდისტი და ყველამ იცოდა, რომ სოსო ჯუღაშვილი მისი პროტეჟე იყო.

როდესაც სტალინი 1926 წელს თბილისში ჩამოვიდა, უკვე მეორედ - პირველი ჩამოსვლა არის 1921 წელი, როდესაც მას ნაძალადევში, პლეხანოვის კლუბში ქართველმა მუშებმა უსტვინეს და პასუხი მოსთხოვეს ოკუპაციისთვის და ფაქტობრივად გააძევეს დარბაზიდან. 5 წლის შემდეგ მეორედ დაბრუნდა საქართველოში, როდესაც ყველა ანტისაბჭოთა აქტიური მოძრაობა არის ჩახშობილი.

თუმცა, ამ დროს იწყება განხეთქილება კომუნისტური პარტიის შიგნით. დემონსტრაციაზე მას მისასალმებელი სიტყვით მიმართავს არაქელა ოქუაშვილი, რომელიც თბილისში ანტისტალინური, ტროცკისტული მოძრაობის არის ერთ-ერთი ლიდერი. არაქელა სიტყვით გამოსვლისას შეახსენებს სტალინს, რომ ის არის თბილისელი მუშების შეგირდი და ახლა მსოფლიო პროლეტარიატის ბელადი.

სტალინმა ქვეტექსტებით დატვირთული ტექსტით უპასუხა ამ სიტყვას, დაადასტურა, რომ ის ნამდვილად იყო აქ ჩამოთვლილი ძველი ბოლშევიკების შეგირდი, მათ შორის არაქელასაც უწოდა თავისი მასწავლებელი. თუმცა, დაამატა, რომ ის მისი მხოლოდ და მხოლოდ შეგირდი იყო, ოსტატი კი სხვაგან გახდა და ადგილობრივი ბოლშევიკი ლიდერების მიმართ თავი  დიდად ვალდებულად არ უნდა ეგრძნო. 

1930-იანი წლების შემდეგ არაქელა ოქუაშვილმა მემუარებზე მუშაობა დაიწყო.

შეგიძლიათ ყურადღება მიაქციოთ გვიანდელ ჩანართებს, როგორ ცდილობს 1937 წლის დამდეგს, გაამართლოს მის მემუარებში დაშვებული საშინელი შეცდომა და დანაშაული, რომ მასში სტალინი არსად ჩანს. ძველი ბოლშევიკების და ისტორიკოსების ნაშრომებში სტალინი არსად არის. მემუარებში არაქელა ცდილობს თქვას, რომ ეს ჩემი კერძო მემუარებია და აქ სტალინის წვლილზე ლაპარაკის დრო არ არის. თუმცა, ეს არ აღმოჩნდა საკმარისი, გადარჩენოდა ცენზურის და დიდი ტერორის ჩრდილს. 

შესაბამისად, როდესაც ოქუაშვილი დააპატიმრეს, სრულიად გაქრა. არაქელას შთამომავლები დღემდე ცხოვრობენ თბილისში. მათთვის 2012 წლამდე ფაქტობრივად უცნობი იყო, რა ბედი ეწია პაპას. იცოდნენ, რომ გადაასახლეს და ციმბირში გარდაიცვალა.

სინამდვილეში კი, ის 1937 წლის ზაფხულში დააპატიმრეს და მალევე დახვრიტეს უშუალოდ სტალინის სანქციით. მისი გვარი და სახელი არის ე.წ სტალინურ სიებში, სადაც სტალინის და პოლიტბიუროს სხვა წევრების ხელმოწერით არის დადასტურებული სანქცია პირველი კატეგორია, ანუ დახვრეტა. მათთვის (შთამომავლებისთვის) შოკისმომგვრელი იყო, როდესაც გაიგეს, რომ არაქელა აქვე დახვრიტეს და მის შესახებ ყოველნაირი ცნობები გააქრეს. ერთადერთი, რაც დღემდე არსებობს, არის ძველი ბოლშევიკების ბიოგრაფიების კრებული, სადაც მისი გარდაცვალების თარიღად 1942 წელი წერია, ისევე როგორც სხვა ძველი ბოლშევიკების. სიკვდილის მიზეზებზე საუბარი არ არის". 

კომენტარები